ესეც მატჩის დღე და ძალიან გადაწითლებული სტამბოლი. რაღა თქმა უნდა, ევროპა-აზიის საკვანძო ქალაქში „ჩელსის“ ფანებიც არიან, თუმც, მერსისაიდელების ფონზე ლონდონელთა ფანკლუბი ორ ზღვას შუა მოქცეულ ბოსფორის სრუტესავითაა… დღეს სტამბოლი წითელია და ადუღებული ელოდება ფინალს.
ბოსფორის სრუტის თვალწარმტაცი სილამაზე მართლაც გამოსარჩევი რამაა და მასპინძლებმა ეს ადგილი ორმაგად დასამახსოვრებლად უქციეს გულშემატკივრებს – ხუთას სქაუზერზე მეტი ვერ დაიტია მეტად კომფორტულმა გემმა, სადაც საგანგებოდ ქომაგთათვის სამსაათიანი კრუიზი მოეწყო, რომლის მთავარი ხიბლიც ჯეიმს ვებსტერის უკვე ლეგენდად ქცეული კონცერტი გახლდათ. ვებსტერი „ენფილდურ-ლივერპულური“ ჩარტების ცნობილი შემსრულებელია, ყიველთვის თან ახლავს საყვარელ გუნდს და ცეცხლს უკიდებს ისედაც შემართულ ქომაგს. წინა რეპორტაჟშიც მოგახსენეთ – სტამბოლში ასობით ქართველი სქაუზერია და მათ შორის ოცამდე მინი კრუიზშიც იმყოფებოდა, ამათგან კი ერთ ადამიანს განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდა… კონცერტი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ზომაზე მეტად აღელვებულმა თბილისელმა ბიჭმა, ხვიჩა ოსტატიშვილმა ხელი თხოვა თავის რჩეულს… საყოველთაო ღრიანცელში მან თქვა – დიახ !!!