გერმანული „შპორტ ბილდი” გაბრაზებულია. „დაუწერელი კანონია, როდესაც ფეხბურთელს ყიდი, აღარ უნდა ათამაშო, რადგან თუ ათამაშებ, ის შეიძლება დაშავდეს”, — წერს ჟურნალი, რომელიც ლეროი სანეს ტრავმას ეხმაურება.

სანეს ყიდვაზე „ბაიერნი” მუშაობდა და მოლაპარაკებები კარგა შორსაც იყო წასული, მაგრამ „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელი „ლივერპულის” წინააღმდეგ, ინგლისის სუპერთასის შეხვედრაში ათამაშა, სადაც ის მე-13 წუთზევე დაშავდა და… ახლა 2020 წლის გაზაფხულამდე ჯვარედინ მყესზე უნდა იმკურნალოს.

„შპორტ ბილდი” წერს, რომ დაშავებული სანე მოედნიდან მე-13 წუთზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „სიტიმ” რეალურად მის გარეშე მოიგო. ანუ, გერმანელის ამ შეხვედრაში გამოყვანა სულაც არ ყოფილა აუცილებელი. მაშ რატომ ათამაშა ის გვარდიოლამ? ჟურნალის ვერსიით, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი დიდკაცობა დაემტკიცებინა — აქაოდა, რასაც მინდა იმას ვაკეთებო.

„2016 წელს, როდესაც პეპ გვარდიოლა „ბაიერნის” მწვრთნელის თანამდებობიდან წავიდა, ბავარიელთა ერთ-ერთმა ბოსმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, ის ყოველთვის ჩვენს დიდ მეგობრად დარჩებაო. ასეთი მეგობრის პატრონს მტერი ნამდვილად აღარ სჭირდება” — წერს „შპორტ ბილდი”.