როგორც ცნობილ ქართულ სიმღერაშია, ადამიანებს უმეტესად ზამთარი აშინებთ, საყვარელი ადამიანის შორს ყოფნა. ფეხბურთის გულშემატკივრები კი განსხვავებული ხალხი ვართ, უფეხბურთოდ ზაფხულის ცხელი დღეების გადაგორება გვიჭირს. ზამთრის სუსხი საყვარელ სპორტთან განშორებასთან რა მოსატანია…
თითქოს ეს ნოსტალგია კოპა ამერიკას უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ სანახაობაც მოსაწყენი გამოდგა და, ზოგადად, სანაკრებო ტურნირებს, თითქმის ყოველ წელს ჩატარება არც უხდება.
წინა კვირას საფრანგეთმა და ჰოლანდიამ დაიწყეს. ეს ორი ქვეყანა ტალანტების ნამდვილი სამჭედლოა. პსჟ-ს გარდა, ამ ჩემპიონატებში ყველა გუნდი ფეხბურთელებს ზრდის, შემდეგ სარფიანად რომ გაყიდოს. ეგებ გაყიდვა არც უნდათ, მაგრამ ახლა ძველი, კარგი დრო აღარ არის.
ნეიმარის საგას საშველი აღარ დაადგა. ბრაზილიელს პარიზში დარჩენა რომ არ უნდა, ფაქტია, თუმცა სად წავა ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. მბაპე ბევრს ცდილობს თანაგუნდელი დარჩენაზე დაიყოლიოს, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოდის. ერთი რამ ცხადია, ნეიმართან ერთად თუ მის გარეშე, პსჟ ლიგა 1-ს ულაპარაკოდ მოიგებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი, რა ვიცით, იქნებ ინდივიდუალიზმზე მეტად გუნდურობა მოუხდეთ.
მთავარი ამბავი, ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატის, პრემიერლიგის დაწყებაა. ეს სუბიექტური შეფასება არ არის – მოცემულობაა. გაიხსენეთ წინა ორი მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალისტები და ყველაფერი ნათელი გახდება.
ინგლისში „ლივერპულმა“ ისე დაიწყო, თითქოს გასულ ორი წელს აჯამებდნენ: სანახაობრივად თამაშობდნენ, მომენტებს მეტოქესაც აქმნევინებდნენ, მაგრამ ძალებიც დაზოგეს და მომავალი მატჩებისკენ გაიხედეს. ზედმეტი ლაპარაკი რად უნდა, მერსისაიდელებმა პირველ ტაიმში 4 გოლი გაიტანეს.
„სიტი“ კვლავინდებურად საჩემპიონო გუნდია. ძალიან სიმპათიურ „ვესტ ჰემს“ შანსი არ დაუტოვა და ცალი ფეხით მოუგო. ვეჭვობ, კლოპის ფეხბურთელების გარდა, პრემიერლიგაში „ჩაქუჩების“ დაჩაგვრა ვინმემ ასე შეძლოს. თანაც, მანჩესტერელებს თანაბრად ძლიერი ორი შემადგენლობა ჰყავთ…
„ტოტენჰემი“ და კეინი თითქოს ერთი მთლიანობაა. ასეც უნდა იყოს, იმის გარდა, რომ ინგლისელი დიდებული ფეხბურთელია, ის ამ კლუბის აღზრდილიცაა. „ტოტენჰემს“ საფრთხე შეექმნა? ვერ იგებდა? ადგა კეინი და ორი გოლი გაიტანა.
„არსენალმა“ სატრანსფერო ფანჯარა ნაყოფიერად გამოიყენა. გუნდში ბევრი ახალწვეულია, თუმცა თითქმის ყველამ თავის გამოჩენა ლონდონამდე უკვე მოასწრო. პეპეზე, სებალოსზე, ლუისზე და ნელსონზე საუბარი არ მაქვს, ისინი ვარსკვლავები არიან, უფრო გაბრიელ მარტინელის თამაში მაინტერესებს. „ნიუკასლს“ კი მოუგეს, თუმცა „მეთოფეებს“ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვთ.
ტურის მშვენება „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა – „მანჩესტერმა“ „ჩელსის“ უმასპინძლა. ორივე გუნდთან ბევრი კითხვა არსებობდა, თუმცა შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. „წითელმა ეშმაკებმა“ ,„ოცნებათა თეატრში“ ფერგის გუნდის შესაფერისი სპექტაკლი დადგეს. რაშფორდის დუბლში გასაკვირი არაფერია, არც მარსიალის გოლი გვაოცებს, გამოსარჩევი დანიელ ჯეიმსია, 21 წლის ბიჭი, სადებიუტო შეხვედრაში „ჩელსის“ მეოთხე ბურთი რომ გაუტანა, თანაც ისე ემოციურად აღნიშნა, როგორც ეს მის ასაკსა და „მანჩესტერს“ ეკადრება.
მალე ლა ლიგა და ბუნდესლიგაც შემოგვიერთდება, მაყურებლებს საქმე უკვე ასარჩევად გვექნება და ვეღარც შაბათ-კვირა შეგვაშინებს…
სულ მალე – წინ სრული სვლით.