გახსოვთ მეგან რაპინო? ამერიკელი ვეტერანი ქალი ფეხბურთელი, რომელმაც ამას წინათ საფრანგეთში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე დიდებულად ითამაშა და აშშ-ს ნაკრების მეოთხედ გაჩემპიონებაში დიდი წვლილი დაიდო. მონდიალის მიმდინარეობისას, რაპინო მედიის ყურადღების ცენტრში დონალდ ტრამპის კრიტიკის გამო მოექცა. მან აშშ-ს პრეზიდენტს რასისტი უწოდა და მისი პოლიტიკური საქმიანობა დაგმო. ოკეანისგაღმელთა საფეხბურთო ნაკრების ლიდერი უფრო შორსაც წავიდა და თეთრ სახლი ჯოჯოხეთის ალაგად მოიხსენია. აღმოჩნდა, რომ მეგან რაპიონო აშშ-ში ერთადერთი სპორტსმენი არ ყოფილა, რომელსაც დონალდ ტრამპი არ მოსწონს და ეზიზღება.

რეის იმბოდენი ამერიკელი მოფარიკავეა, რომელიც ასევე თვლის, რომ მისი ქვეყნის მმართველი რასისტია. ახლახანს, პერუს დედაქალაქ ლიმაში დასრულებულ პან-ამერიკულ თამაშებზე იმბოდენი მოფარიკავეთა გუნდურ შეჯიბრში ჩემპიონი გახდა და დაჯილდოების ცერემონიალზე, როდესაც აშშ-ს ჰიმნი აჟღერდა, მან კვარცხლბეკზე დაიჩოქა. სწორედ ამ ფორმით გამოხატა მან პროტესტი.

„მქონდა პატივი პან-ამერიკულ თამაშებზე ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. შინ ოქრო-ბრინჯაოთი ვბრუნდები, რამაც დიდად გამახარა, მაგრამ ამავდროულად ის ბედნიერება და სიამაყის გრძნობა იმ გადაცდომებმა და არასწორმა ქმედებებმა გადაფარა, რომელიც ჩემს სამშობლოში ხდება. ყველაფრის შემოქმედი კი ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, რომელიც სამწუხაროდ რასისტი გამოდგა.

რასიზმს ემატება იარაღით უკანონო თარეში და მიგრანტების მიმართ უდიერი მოპყრობა. ეს კი აისბერგის მწვერვალია და ამ ყველაფრის უკან პრეზიდენტი დგას, რომელიც მხოლოდ სიძულვილს აფრქვევს. ეს პრობლემები სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს. ჰიმნის დროს ჩემი ჟესტიც ამას ემსახურებოდა,“ – აღნიშნა ამერიკელმა მოფარიკავემ.

დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდნტი 2017 წელს გახდა. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები კი 2020 წლის 3 ნოემბერს არის დაგეგმილი.