სტამბოლში სამსაათნახევრის დაგვიანებით ჩავედით. მიზეზი არ დაილია, ჯერ იყო და მავანმა, ერთ-ერთი ბოლო მოდელის „მერსედესიანმა“ თურქმა, ნახალოვკურად ჩაუჭრა სავალი გზა ჩვენს ავტობუსს და ამას ისეთი გაწევ-გამოწევა მოჰყვა, ჟანდარმთა ჩარევა გახდა საჭირო.
მერე კი საბურავი გაუსკდა, ამას სტამბოლური საცობებიც დაერთო და ბეშიქთაშის Vodafone Arena-დან ორ კილომეტრში მდებარე სააკრედიტაციო ცენტრიდან ვიდრე სტადიონზე მივედი, ფრენკ ლამპარდის პრესკონფერენცია დასრულებული იყო და „ჩელსის“ ახლადდანიშნულ თავკაცს, გუნდი უკვე მოედანზე გაჰყავდა.
ლონდონელებმა მსუბუქად წაივარჯიშეს, რაც ძირითადად ბურთთან კონტაქტში და მოედნის ერთი კიდიდან მეორემდე ძუნძულში აისახა. უფრო ინტენსიური გახლდათ ლივერპულელთა წინასამატჩო ვარჯიში, თუმც იქამდე სადიო მანემ, ვირჯილ ვან დაიკმა და იურგენ კლოპმა მედიელთა კითხვებს უპასუხეს.სადიო მანე ენაწყლიანობით ზოგადადაც არ გამოირჩევა და ახლაც ლაკონური იყო – ვფიქრობ, ძირითადი შემადგენლობისთვის მზად ვარ, ეს ჩვენთვის იღბლიანი ადგილიაო, თქვა სენეგალელმა.
ვან დაიკმა კი „ჩელსის“ სოლიდურობაზე გაამახვილა ყურადღება-
„გუნდები ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ერთი მატჩია, ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თანაც „ჩელსი“ ძალიან ძლიერი მეტოქეა.
გვსურს ტიტული მოვიგოთ, ამისთვის მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად,“- ესეც ჰოლანდიელი გიგანტის სიტყვებია…
მანეს და ვან დაიკის შენდეგ კლოპმა ისაუბრა:
„ჩვენ „ჩელსის“ დიდ პატივს ვცემთ, თუ მხოლოდ მათი ბოლო შეხვედრის ანგარიში ნახეთ, მაშინ წარმოდგენაც კი არ გექნებათ როგორ თამაშობს ეს გუნდი. ხვალინდელი შეხვედრისთვის ლონდონელები 100%-ით იქნებიან მზად.“
კლოპმა ჩვეული დახვეწილობით ფანებსაც გაუგზავნა მესიჯი:
„ვიცი თუ რაოდენ განსაკუთრებული ადგილია სტამბული „ლივერპულის“ ფანებისთვის. რამდენადაც ვიცი, აქ ჩვენ ძალიან დიდი ფან-ბაზა გვყავს, ახლა ჩვენ სწორედ მათი დახმარება გვჭირდება.“
პრესკონფერენციის ბოლოს კლოპმა ჩვეულ სტილში იხალისა, როცა ხვალინდელი მატჩის ქალ არბიტრზე დაუსვეს კითხვა…
„როგორც იქნა, ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიული მომენტის მონაწილე გავხდები,“- განაცხადა გერმანელმა და პირთამდე გაჭედილ საპრესკონფერენციო დარბაზში მყოფთ დაგვემშვიდობა.
პაატა კვანტალიანი სტამბოლიდან საგანგებოდ სარბიელისთვის