ამერიკის ღია პირველობამდე ჩოგბურთელებს ბოლო რეპეტიცია ცინცინატში ექნებათ, სადაც 11-18 აგვისტოს მორიგი მასტერსი გაიმართება. ეს ტურნირი შტატებში ზაფხულის სპორტის სახეობებს შორის უძველესია, ხოლო უშუალოდ ჩოგბურთში სწორედ US Open-ის შემდეგ ხანდაზმულობით მეორე. 1899 წელს დაარსდა.
ცინცინატის მასტერსის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, ხოლო აქ ყველაზე მეტჯერ როჯერ ფედერერს უჩემპიონია. შვეიცარიელი მაესტროს ანგარიშზე 7 ციცნინატური ჯილდოა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ წლევანდელ მასტერსზე, რომლის საპრიზო ფონდიც თითქმის 7 მილიონი დოლარია, დიდი სამეულიდან ორი ითამაშებს – ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალმა კი დასვენება ამჯობინა.
ჩვენი ყურადღება კი ბუნებრივია ნიკოლოზ ბასილაშვილისკენ იქნება მიმართული. ქართველ მეჩოგნეს ცინცინატში მე-15 განთესვა აქვს, ხოლო სასტარტო მატჩი ჩვენთვის კარგად ნაცნობ ანდრეი რუბლევთან ექნება, რომელიც ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა. ახლახანს, ჰამბურგის პრესტიჟული ტურნირის ფინალში ხომ ჩვენებურმა სწორედ რუსი მეჩოგნე დაამარცხა. იმედია, ბასილაშვილი რუბლევს არც ცინცინატში დაინდობს და ამ შემთხვევაში ის დიმიტროვ-ვავრინკას შორის უკეთესს დაუპირისპირდება. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს შარშან ცინცინატში არ უთამაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თოთოეული ეტაპის გადალახვა მას პლუსში ჩაეწერება და შესაბამისი ქულებიც დაერიცხება.
ბასილაშვილის და რუბლევის მატჩი 13 აგვისტოს 19:00 საათისთვის არის დაგეგმილი.