„ფეიენოორდი“ ჰონალდიის ჩემპიონატში მყარი მესამე გუნდია. ევროსარბიელზეც მაქსიმალურად შორს იქაჩება, ხოლმე… წლეულს როგორ იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ ადგილობრივ სარბიელზე პირველობისთვის როტერდამული კლუბი „აიაქსსა“ და პსვ-ს გვარიანად რომ ანერვიულებს, ახლავე შეიძლება ვთქვათ.
„ფეიენოორდი“ ის კლუბია, რომლის ხელმძღვანელობაშიც უფრო მეტი ვარსკვლავია, ვიდრე თამაშობს – რობინ ვან პერსი, როი მაკაი, პიერ ვან ჰოიდონკი, დენი ლანძაატი, ჟან-პოლ ვან გასტელი, მიხაელ მოლსი ახლა კლუბის სტრუქტურაში მუშაობენ, „აიაქსის“, პსვ-ს, „ლაციოს“, „მილანისა“ და „მანჩესტერის“ყოფილი მცველი იაპ სტამი კი გუნდის მთავარი მწვრთნელია…
როტერდამში კი მატჩის დამთავრებას სულ 15 წუთი აკლდა, როცა მასპინძელთა ეს მწვრთნელი სათადარიგოთა სკამიდან გავეშებული წამოხტა, ლამის მოედანზე შეიჭრა და მსაჯს „დინამოს“ ფეხბურთელის მკაცრად დასჯა მოთხოვა…
თბილისელთა მარჯვენაფლანგელმა უკრაინელი არბიტრის გადაწყვეტილება ემოციურად გააპროტესტა. სასტვენის შემდეგ ბურთი პირდაპირ „ფეიენოორდის“ სამარქაფოებისკენ გადააგდო. „ფეიენოორდის“ თავკაცი, ვინც ფეხბურთელეობისას თავადაც კარგი უხეში ვინმე იყო, სერგეი ბოიკოს გადაწყვეტილებამ არ დააკმაყოფილა, ეტყობა, მსაჯისგან აკაკი შულაიასთვის წითელი ბარათის ჩვენებას ელოდა. არადა, ბოიკოს ჩვენიანი მოედნიდან მაშინვე რომ გაეძევებინა, კაცი ვერ გაამტყუნებდა… თუმცა რა, ორი წუთის შემდეგ შულაიამ მაინც „მოახერხა“ და ცხვირწინ წითელი აიფრიალა. ზედიზედ ასეთი დარღვევების გატარება ნამეტანი იქნებაო, ჩათვალა ბოიკომ და „დინამო“ უმცირესობაში დატოვა…
გახსოვთ, თბილისელებმა მეორე გოლი როდის და რა ვითარებაში მიიღეს?! დიახ, სწორედ მაშინ, როცა „ფეიენოორდმა“ ფეხბურთელის გაძევების შემდეგ ჯარიმიდან ჩააწოდა. იქაც, „ყველა სიკეთეს“, ჩვენიანი მცველის უიღბლობა დაერთო და ბურთი საკუთარ კარში ჩაიჭრა… ამ გოლის შემდეგ ხუთ წუთში კი ტაბლოზე როტერდამელთა სასარგებლო 4:0 აინთო.
შორს ვარ იმ აზრისგან, მსაჯს შულაია რომ დაენდო, „დინამო“ თამაშს არ წააგებდა, მაგრამ ასევე დარწმუნებით ვიტყვი – სწორედ გაძევების ეპიზოდი გახლდათ მატჩში კულმინაციური და, თუ მეორე ტაიმში თამაშის სცენარს გავიხსენებთ, ჰა-ჰა, „დინამოს“ კიდევ ერთი გოლი მიეღო, აღარ ვამბობ და ეგებ, ერთი იქითაც გაეტანა… ხოლო გატანასთან ჩვენები ახლოს რომ იყვნენ, „ფეიენოორდის“ მეკარე დაადასტურებს, ვინც „მკვდარი ბურთის“ მოიგერიებაც შეძლო…
ნამატჩევს „დინამოს“ მწვრთნელმა თქვა, შესვენებაზე ლევან შენგელიას შეცვლა ტაქტიკური ნაბიჯი იყოო. ტაქტიკური ნაბიჯი, ანუ ჩვენების სამწვრთნელო შტაბს რაღაც ჩანაფიქრი ჰქონდა, შეცვლაზე შესული ფეხბურთელის ეიმედებოდა.
შულაია თამაშში მართლაც კარგად ჩაერთო და მნიშვნელოვანად გააქტიურა მარჯვენა ფლანგი, რომელიც იქამდე არც მთლად დამაჯერებელი გახლდათ. ერთ-ორჯერ შულაიამ კარგი ჯარიმაც გამოიმუშავა და მსაჯს მეტოქეც გააფრთხილებინა. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ორ წუთში ყველაფერი წყალში ჩაიყარა.
წნეხი, წნეხი და კიდევ წნეხი… გამაყრუებელი სტვენა, ობსტრუქცია… სხვათა შორის, იცით როტერდამი ჰოლანდიის საფეხბურთო რუკაზე როგორ არის მონიშნული? ქალაქი, სადაც ყველაზე მეტ მატჩს ატარებს ადგილობრივი ნაკრები.
არც ამტერდამის „იოჰან კრუფ არენა“ და არც ეინდჰოვენის „ფილიპს არენა“. სწორედ „დე კუიპი“ არის ჰოლანდიის ეროვნული გუნდის უპირველესი სარბიელი, ხოლო იქაური ქომაგი ჰოლანდიაში ყველაზე ხმაურიანი და ყველაზე გულიანი, ყველაზე, ყველაზე…
„დინამოს“ ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელისთვისაც უცხო იყო ის გარემო, რაც მათ „დე კუიპზე“ დაახვედრეს. ტრიბუნა მოედნიდან ორ მეტრში, საკუთარ-საყვარელი გუნდის თამაშს დანატრებული 40 ათასი ქომაგი, ახალი მწვრთნელი, ახალი ფეხბურთელები…
ცხადია, სეზონის დასაწყისში „ფეიენოორდის“ მიმართ ინტერესი ერთი-ორად გაზრდილიყო, მით უმეტეს, საერთაშორისო შეხვედრისას და მით უმეტეს, „დინამოსთან“, რომელთანაც მარცხი ასაკოვან როტერდამელს ძაღლის ნაკბენივით ახსოვს…
„დინამომ“, ავად თუ კარგად, მეტოქის საწყისს შტურმს გაუძლო და როცა თავდაჯერება შეემატა და „დე კუიპს“გაშინაურდა, თუ გაიხსენებთ, პირველი ტაიმის ბოლოსკენ მასპინძლები ორი-სამი წუთი ბურთსაც არ გააკარა. ხოლო მაშინ, როცა შესვენება მოახლოვდა, ზოგადად ქართულსაფეხბურთო სენმა იჩინა თავი – გოლი ტაიმის ბოლოს, 43- წუთზე.
შესვენების შემდეგ „დინამო“ მოედანზე სხვა გუნდი იყო, შემტევი და დალაგებული, უფრო სწორად შესვენების შემდეგი ნახევარი საათი, ხოლო მერე რაც მოხდა, უკვე წაკითხული გაქვთ…
„ფეიენოორდთან“ ნამატჩევს „დინამოს“ გენერალურ დირექტორს ზაზა დოლიძეს გავესაუბრეთ. ჰოლანდიელებთან თამაშზე, გუნდში არსებულ ვითარებაზე, უეფას სასჯელზე ვკითხეთ და რაც გვიპასუხა, ხვალ, 11 აგვისტოს, გაახლებთ…
კობა ინასარიძე
თბილისი-როტერდამი-თბილისი