პარასკევ საღამოს პრემიერლიგა დაიწყო. მაგალითად, ბუნდესლიგისგან განსხვავებით, ინგლისში სეზონს ჩემპიონი არ ხსნის. გუშინ გაგვიმართლა და ისეთი გუნდი ვნახეთ, პირველივე ტურიდან რომ იტყვი – ნამდვილი ფავორიტი იქნებაო. ამას მხოლოდ „ნორვიჩის“ გაცამტვერება არ გვალაპარაკებს, არამედ ისტორიული ფონი და მონდომება.

„ლივერპულის“ ფეხბურთელები უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ მათთვის პრემიერლიგაში პირველობა უმთავრესი ამოცანაა. ფანებიც ამას მოითხოვენ. გუნდსაც შეეტყო, პირველ ტაიმში 4 ბურთის გატანის შემდეგ, მეტოქეს აღარ ეკვეთნენ, თითქოს შუა სეზონი იყოს და ძალების დაზოგვა სჭირდებოდათ. კლოპის გუნდი საჩემპიონოდ კიდევ უფრო დაღვინებული ჩანს და წესით „სიტიზე“ მეტი სურვილიც უნდა ჰქონდეს.

თუმცა, დარწმუნებული ვარ,„ ქალაქელები“ ისევ მაგრად ითამაშებენ, მათ ხომ გვარდიოლა ჰყავთ, მარათონულ ტურნირებში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი.

კლოპს შარშანაც საჩემპიონო სეზონი ჰქონდა, თუმცა პეპი გადაეღობა. თანამედროვეობაში სხვა ამას, ალბათ, ვერ მოახერხებდა.

„ლივერპულმა“ ნორვიჩთან შეხვედრაში კი სამი რამ გვაჩვენა: მეტი ჭკუა, მეტი კლასი და მეტი მოტივაცია…