მოგეხსენებათ, დღეს საღამოდან პრემიერლიგა გახურდება და უნაღდესი ფეხბურთის ქომაგებს ისევ გულის ფარცქვალი აუვარდებათ. პროგნოზების გარეშე აბა როგორ იქნება და აგერ, პიტერ კრაუჩმაც, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებისთანავე, მარჩიელობას ბეჯითად მიჰყო ხელი.
ბეჯითად-თქო, ვამბობთ, რადგან “დეილი მეილის” მესვეტეს პრემიერლიგის ოცივე კლუბის ღირსება-ნაკლოვანებები გამოწვლილვით შეუსწავლია და თითოეულისთვის სეზონის ბოლოსთვის სატურნირო ცხრილშიც ზუსტი ადგილი მიუჩენია. ფუნდამენტური ნაშრომი გამოვიდა, მაგრამ მოსაწყენი. აბა, პირველ ექვსეულს მომავალი სეზონის პროგნოზით ასე რომ გაანაწილებ: “სიტი”, “ლივერპული”, “ტოტენჰემი”, “ჩელსი”, “მანჩესტერი”, “არსენალი”, წინა სეზონის თითქმის გადამღერების მეტი რა გამოდის? მეშვიდე ადგილზეც წლევანდელი მეშვიდეადგილოსანი “ვულვერჰემპტონი” განუწესებია აყლაყუდას.
აჯობებდა კი ეთქვა, აგერ ნახავთ, წელსაც გამოხტება მავანი “ლესტერი” და ტიტანებს დაამხობსო, რომ პრემიერლიგა ქომაგისთვის მარტო გაზეპირებულ სახელთა წარმოსათქმელი სარბიელი არ იყოს, მაგრამ რა გაეწყობა, ინგლისური ფეხბურთი ასეც და ისეც უპირველეს საფეხბურთო სანახაობად რჩება მსოფლიოში.