ლუი სინისტერა, ლუი სინისტერა – ერთხმად გამოუშვა ორთქლი 40-ათასამდე როტერდამელმა ქომაგმა და „ფეიენოორდის“ ნაწვალები ის გოლი აღნიშნა, რომელიც მასპინძლებმა „დინამოს“ შესვენებამდე ორი წუთით ადრე გაუტანეს… არადა, რა უდროო იყო…
ჩვენებმა თამაში თითქოს რომ გაათანაბრეს და ერთი-ორჯერ მეტოქის კარისკენ თამამად გასწიეს, სწორედ მაშინ გაისწორა მიზანი ჰოლანდიელთა შემტევმა… თუმც რაღა გაისწორა. რომ იტყვიან, „ძალად გაატანინესო,“ აი, ისეთი გოლი გამოვიდა. სტუმრებმა ბურთი ვერაფრით აიტანეს საკუთარი საჯარიმოდან, ხან ერთ მეტოქეს ჩააჭრევინეს პასი, ხან მეორეს, ხან ერთს დაუცდა ფეხი, ხან მეორეს და შედეგად გამოვიდა ის, რაც ყველამ ერთად ვნახეთ – სადღაც 11-მეტრიანის ნიშნულიდან სინისტერამ ხოსე პერალესს აუღებლად დაურტყა…
მანამდე „ფეიენოორდის“ ბევრი მომენტი იყო – ბედად ბერგიუსისა და ჰაპსის დარტყმები უზუსტო გამოდგა.
„დე კუიპი“ კი არ ჩერდება – ჩრდილოეთ-სამხრეთ ტრიბუნების გადაძახილი ისეთი ეფექტური და ხმაურიანია, ახალბედა დინამოელებისთვის კი არა, გაცილებით გამოცდილი მეტოქეებისთვის იქნება დამთრგუნველი.
მოსალოდნელიც იყო, რომ „დინამოს“ თავიდან გაუჭირდებოდა მასპინძელთა შტურმის მოგერიება. ავად იყო თუ კარგად, ჩვენებმა ამ „მისიას“ თავი გაართვეს, მაგრამ საერთოდ რომ არაფერი მოასწავებდა, 43-წუთზე, გოლი მაშინ მიიღეს.
მეორე ტაიმი შეცვლებით დაიწყო. ფელის ვისენტემ პასიური და ტრავმირებული ლევან შენგელია აკაკი შულაიათი შეცვალა. მარჯვენა ფლანგიც თითქოს გამოცოცხლდა. საპირისპირო ფლანგზე გიორგი ქიმაძეც უფრო გააქტიურდა. „დინამომ“ ბურთი უფრო თამამად დაიჭირა. გიორგი კუხიანიძემ მიწაზე დაუშვებლად ერთი ისეთიც დაარტყა, „დე კუიპი“ ერთიანად დაადუმა, თუმც ბედად, ბურთი როტერდამელ მცველს მოხვდა. „ფეიენოორდი“ კი თითქოს ჩვენების ამ შეტევამ გააბრაზაო, ორჯერ საპირისპირო კარისკენ ისეთ შეტევაზე წავიდა, გოლი გარდუვალი ჩანდა. კარგია, რომ მასპინძლებს არაფერი გამოუვიდათ.
შემდეგ კი მასპინძელთა მეკარე წარმოჩნდა თავის მთელი ოსტატობით – ქიმაძის დარტყმული, ნახევარ სტადიონს გოლად გარდასახული რომ ეგონა, თითქოს სწორედ იმ წამს წაიგრძელა ხელი ვერმერმა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
სტუმრებს ავს არაფერი უქადდა, მაგრამ საიდანაც არ ველოდით, ხიფათი სწორედ იქიდან მოვიდა – შეცვლაზე შესული აკაკი შულაია უკრაინელმა მსაჯმა ზედიზედ ორჯერ გააფრთხილა და მოედნიდან მიაბრძანა. არადა, პირველი გაფრთხილება რისთვის მიიღო, ვეჭვობთ, თავად იცოდეს. რატომ დაარტყა ბურთი მასპინძელთა სათადარიგო სკამისკენ სასტვენის შემდეგ?! შულაია მეორედ ფლანგზე უხეშობისთვის გააფრთხილეს, იმ ადგილიდან ჩაწოდებული ბურთი კი დავით კობოურის თავის გავლით ჩვენების კარში აღმოჩნდა…
10 ფეხბურთელი, 2:0. ეს უკვე წაგებული თამაში იყო, მაგრამ თითქმის სავსე „დე კუიპით” შეგულიანებულმა მასპინძლებმა ეს აღარ იკმარეს და „დინამოს“ სამ წუთში კიდევ ორი გაუტანეს, მათგან ერთი პენალტით…
ნამატჩვს, კრესკონფერენციაზე, ფელის ვისენტემ თქვა, მეორე გოლამდე კარგად ვითამაშეთ და ფსიქოლოგიური პრობლემაც არ გვქონიაო. შულაიას გაძევება კი, რაც მეორე გოლს უძღოდა, მსაჯის სინდისზე დატოვა.
ფეიენოორდი: ვერმეერი, ნეუვკოპი (გეერტრუიდა 46), ჰეპსი, ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი, ბერგჰუისი, სინისტერა (ნარსინგი 72), ფერი, ტაპია (ბურგერი 77), კოკჩუ, ლარსონი