როტერდამის 51-ათასიან „დე კუიპზე,“ რომელსაც ოფიციალურად „ფეიენოორდის“ სტადიონი ჰქვია, ხუთშაბათის მატჩზე დასასწრები 10 ათასამდე ბილეთი გაყიდული ყოფილა, დანარჩენს კი ხვალისთვის ელიან. ბილეთი 20 ევრო ღირს, ტრიბუნები კი სავარაუდოდ, სანახევროდ შეივსება. ქართველები, ჩამოსულები თუ აქაურები, დაახლოებით 100-120 ადამიანია და „დინამოს“ გულმხურვალე ქომაგობას ჰპირდებიან.

… ქართველ ჟურნალისტებს კი ჩვენების მწვრთნელმა ფელის ვისენტემ „დე კუიპის“ საკონფერენციო დარბაზში ვარჯიშის დაწყებამდე გვიმასპინძლა. ჰოლანდიელები პრესკონფერენციაზე არ ყოფილა, ჩვენთვის კი მან ეს თქვა:

– გუნდში საკმაოდ კარგი განწყობაა. იმედიანად ვართ, დანარჩენი კი ხუთშაბათს გამოჩნდება. გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ.

– „ფეიენოორდის“ შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას არ ვუჩივით და ისიც კარგად ვიცით, რა დონის ახალწვეულები ჰყავთ.

– დღეს „დინამო“ ჩინებულად თამაშობს და ეს შედეგებშიც აისახება. ჩვენ ფსიქოლოგიურად მართალაც ჩინებულად ვართ მომზადებული და იმედია, ეს განწყობა ბიჭებს მოედანზეც გადაყვებათ. ვიცით, რა დონის გუნდსაც ვეთამაშებით.

– მსურს  დაგარწმუნოთ, რომ „ფეიენოორდთან“ ჩვენი გუნდი მთელი ძალით ითამაშებს, თითოეული ფეხბურთელი თავს დადებს, არაფერს დაზოგავს, ბოლოს კი რა გამოვა, ერთად ვნახავთ.

შემდგე ერთი კითხვა „დინამოს“ ესპანელ მეკარე ხოსე პერალესისკენაც იყო:

– რა თქმა უნდა, ვეთანხმები ჩვენი მწვრთნელის სიტყვებს. რთული თამაში გველის, თუმც ჩვენ ჩვენსაც ვეცდებით. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ კარი ისევ მშრალად შევინახოთ, ბოლო ხუთი მატჩია ხომ გოლი არ მიგვიღია.

მწვრთნელს არაფერი უთქვამს, მაგრამ გავიგეთ, რომ „ლოკომოტივთან“ საქართველოს ჩემპიონატის მატჩისას მიღებული მცირე ტრავმა აწუხებდა თბილისელთა ლიდერ ლევან შენგელიას, თუმც სანერვიულო არაფერი – როტერდამში ის ითამაშებს და ვიმედოვნოთ, გოლით თავს აქაურებსაც დაამახსოვრებს.

„დინამომ“ „დე კუიპის“ ხალიჩასავით გაზონზე და კოხტა, ოღონდ ჯერ ცარიელი ტრიბუნის წინ ერთი საათი ივარჯიშა. მწვრთნელებმა გუნდი საკმაოდ ინტენსიურად ავარჯიშეს და ერთი ორიც ისეთი კომბინაცია დაუხაზეს, რომელიც, მგონი, სწორედ ამ მატჩისთვის მოიფიქრეს. ახალი ველოსიპედი არა, მაგრამ სტამისთვის, ეგებ, სიურპრიზიც კი გამოდგეს ჩვენი ესპანელების ნაფიქრალ-ნააზრევი.

ვარჯიშის შემდეგ „დინამოს“ ნახევარმცველ ნიკა ნინუას გავესაუბრეთ. ნიკა ის ფეხბურთელია, ვინც ბოლო პერიოდში მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს და ვინ იცის, მისი საფირმო ჯარიმის გემო იქნებ „ფეიენოორდსაც“ გაასინჯოს…

– მშვენიერ განწყობაზე ვართ, კარგად მოვემზადეთ და ვეცდებით, „ფეიენოორდს“ ჩვენი საუკეთესო თვისებები ვუჩვენოთ. შედეგი? ცხადია, აქ მოსაგებად ვართ ჩამოსულები, მაგრამ ფრეც რომ ვითამაშოთ, კმაყოფილები დავრჩებით. მეტოქე ძლიერია, კარგი შემტევები ჰყავთ და დაცვაშიც საიმედოდ თამაშობენ, მაგრამ იდეალური გუნდი არ არის, ნაკლი აქვთ, რაც საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ.

„დე კუიპის“ პრეს-ბარში დიდი ბანერია, რომელზეც „ფეიენოორდის“ ყველა მწვრთნელია გამოსახული. ცხადია, გამორჩეული ადგილი როტერდამელთა დღევანდელ დამრიგებელ იაპ სტამს უკავია, იქვე კი თვალი ვაცლავ იეჟიკს ვკიდეთ. სწორე ამ კაცის მეთაურობით ითამაშა „ფეიენოორდმა“ „დინამოსთან“ 38 წლის წინ. აქ, „დე კუიპზე“ მასზე დიდი აღფრთოვანებით ვერავინ საუბრობს, ამბობენ, რომ კლუბის ისტორიაში ერთი რიგითი მწვრთნელი იყო. სამაგიეროდ, ქება-დიდებას არ აკლებენ იაპ სტამს, ძლიერ სპეცილისტად მიაჩნიათ და იმედოვნებენ, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატში „აიაქსისა“ და პსვ-ს ჰეგემონია ძირძველი როტერდამელის მეთაურობით დაემხობა.

თავად სტამმა კი რატომღაც ჩვენთვის ვეღარ მოიცალა, თვისტომი ჟურნალისტები მოულოდნელად, დილით იწვია და მხოლოდ მათ გაესაუბრა. რა გაეწყობა, ჩვენ ჩვენი მწვრთნელის სიტყვები ვიკმაროთ, დანარჩენი კი ვისენტესივე არ იყოს, მოედანზე ვნახოთ.

სხვათა შორის, „ფეიენოორდი“ – „დინამოს“ ტელეჩვენების უფლება, დიდი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ჰოლანდიელებისგან სწორედ თბილისურმა კლუბმა იყიდა და საზოგადოებრივ მაუწყებელს გადასცა, რომლის ეთერშიც შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი 8 აგვისტოს 21.30 საათზე დაიწყება.

ბადრი კეთილაძის და კობა ინასარიძის ფოტოები