დიეგო ფორლანი ფეხბურთიდან წავიდა. ვისაც ახსოვს მისი თამაში “მანჩესტერში”, “ინტერში” და “ატლეტიკოში”, გულგრილი ვერ დარჩებოდა დიეგოს ნიჭის მიმართ. თუმცა, ყველაზე უკეთ ეროვნულ ნაკრებში ახერხებდა გაბრწყინებას. განსაკუთრებით 2010 წლის მუნდიალი გამოუვიდა. 5 გოლიც შეაგდო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.
მერე რა გოლები – ყველა შედევრი. ამჟამად დიეგო ურუგვაის ნაკრების ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირია 36 გოლით. წინ ედინსონ კავანი და ლუის სუარესი არიან.
დიეგომ 2011 წელს ურუგვაის “კოპა ამერიკა” ლამის მარტომ მოაგებინა, 2015-ში კი ნაკრებიდან წავიდა. “მთხოვდნენ კარიერის გაგრძელებას, მაგრამ შვილების დაბადების შემდეგ პრიორიტეტები იცვლება. გამოსათხოვარი მატჩი? აუცილებლად შედგება სტადიონ “სენტენარიოზე” და მასში “პენიაროლი” ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება”.