თბილისის სპორტის სასახლეში 17 წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე სამი დღე მიილია. დღეს დასვენებაა.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრებაში 10 გუნდი მონაწილეობს, რომელიც ორ ჯგუფად არის დაყოფილი. საქართველოს ნაკრები „ბ” ჯგუფშია და ამიტომ ყურადღება მასზე გავამახვილოთ.
ქართველებმა სამი შეხვედრიდან ორი მოიგეს და ერთი წააგეს. პირველ დღეს, ლიეტუვასთან შეხვედრის წინ, ჰიმნების დროს, ჩვენს გოგონებს გადაჭარბებული ღელვა ეტყობოდათ. გასაგებიცაა. 16-17 წლის ბავშვები საკუთარ დედაქალაქში საგანგებო პასუხისმგებლობას გრძნობდნენ. ამას დაემატა ის, რომ შეხვედრის დასაწყისშივე დაშავდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ნენე ჯგერენაია, რამაც გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ხელი ნამდვილად არ შეუწყო. შედეგად, ლიეტუვამ დამსახურებულად გაიმარჯვა 28:19.
მეორე დღეს საქართველოს ფინეთთან ჰქონდა საინტერესო თამაში. მთელი მატჩი დაძაბული იყო, ბურთი-ბურთში მიდიოდა, მაგრამ მეორე ტაიმში დიდწილად მეკარე ხატია ჯიქურაშვილისა და მარცხენა ინსაიდის ლიზა ჩხაიძის წყალობით, მასპინძლებმა 6 ბურთიან უპირატესობას მიაღწიეს.
და მაინც, ფინეთი კერკეტი კაკალი გამოდგა, რომელმაც საბოლოოდ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა — 23:22.
მესამე შეხვედრა კი ქართველ გოგონებს ლატვიასთან ჰქონდათ.
ამ თამაშის პირველ ტაიმში ერთ-ერთ მეტოქესთან უიღბლო ორთაბრძოლის გამო ლიზა ჩხაიძე პირდაპირი წითლით გააძევეს მოედნიდან, რაც გვარიანი დანაკლისი გახლდათ.
ქართველები თავიდანვე იგებდნენ, მაგრამ თვალსაჩინო უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლეს. შესვენების შემდეგ ანგარიში იყო 13:13; 18:18; 19:19; 20:20, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც მასპინძლებმა გაიმარჯვეს — 24:21.
აუცილებლად აღსანიშნავია მეკარე ჯიქურაშვილის მორიგი კარგი თამაში. მის მსგავსად, სამივე ტურში ქების ღირსია კიდევ ერთი ჩხაიძე — ანა (ჩხაიძეები ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში 17-17 გოლით მესამენი არიან), თუმცა ორ გამარჯვებაში ყველა გოგონამ თავისი წვლილი შეიტანა.
ამრიგად, ამ მომენტისთვის, „ბ” ჯგუფში მესამე ადგილზე მყოფ საქართველოს ნაკრებს 8 აგვისტოს, 16 საათზე, შვეიცარიასთან დარჩა სათამაშო. დასწრება უფასოა. შვეიცარიელებს ძლიერი გუნდი ჰყავთ და სავარაუდოდ ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტებიც არიან. მათ ამ ეტაპზე მხოლოდ ორი შეხვედრა აქვთ ჩატარებული და 7-ში ასევე ორი თამაშის შემდეგ ორჯერ გამარჯვებულ ლიეტუვას უნდა დაუპირისპირდნენ.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჯერ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
„ა” ჯგუფში კი ორ-ორი მოგებით ლიდერობენ სერბეთი და უკრაინა, რომელთაც ერთი მოგებით და ერთი ფრით მოსდევს ფარერის კუნძულების სიმპათიური გუნდი. ბოლოს საბერძნეთი და ბულგარეთი მოდიან.