წარმოიდგინეთ, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მივედი, „ლოკომოტივი“ თბილისის „დინამოს“ უნდა დაუხვდეს, ტრიბუნაზე კი ვის ვხედავ?! – როი მაკაის. ოდნავ მობერებული, მოსუქებული, მაგრამ ძველი ღიმილით, ჩემპიონთა ლიგაში „რეალს“ ამ ტურნირზე ყველაზე სწრაფი გოლი რომ გაუტანა. ახლა „ფეიენოორდში“ მუშაობს და მის გუნდს ამბავი უნდა ჩაუტანოს, საქმე რა გუნდთან აქვთ. 1981 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა, როტერდამში კი მრისხანე „დინამო“ ბევრს აღარც ახსოვს…

თბილისურ დერბიში ლურჯ-თეთრებმა „ლოკომოტივიგან“ ქვა ქვაზე არ დატოვეს და 6:0 გაანადგურეს. არამგონია მრავლისმნახველი ჰოლანდიელი რამით გავაოცეთ, მაგრამ მატჩის შემდეგ ნამდვილად არ ფიქრობდა ამათ ცალი ფეხით მოვუგებთო. მისი გაკვირვება რთულია, მოედანზე ამას მხოლოდ ის კაცი თუ შეძლებდა, ვისი სახელობის სტადიონზეც ვიყავით. საერთოდაც, ჩვენი მესხი უფრო დიდი ფეხბურთელი იყო, ერთადერთი მიზეზი კი დროის უკუღმართობაა, სამყაროს მასზე მეტად მაკაი რომ ახსოვს.
ვარსკვლავები „ფეიენოორდსაც“ არ ჰყავს: რობინ ვან პერსი ფეხბურთიდან წავიდა, ტონი ვილჰენა კი – „კრასნოდარში“. 24 წლის ფეხბურთელი ჰოლანდიაში იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება, თუმცა, ალბათ, მომავალში მხოლოდ ფულსღა თუ გამოიმუშავებს, რუსეთის ჩემპიონატში გაზრდილი და გაფურჩქნული ტალანტი ჯერ არავის უნახავს.
როტერდამელების რიგებში წასულ ფეხბურთელებთან ერთად შევსებაცაა, ლუსიანო ნარსინგი „სუონსიდან“ სამშობლოში დაბრუნდა. ნაკრებში გამოცდილი ფეხბურთელი გუნდს ნამდვილად გააძლიერებს, თუმცა მის წინააღმდეგ თამაში ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე შეგვიძლია, მასში არაფერია ისეთი, მომავალში შვილიშვილებს რომ მოუყვე. ისე, თითქოს ნარსინგების ოჯახი ქართული კლუბების წინააღმდეგ გაერთიანდა – ასაკით უფროსი, 31 წლის ფიურდჯილი „არარატ-არმენიაში“ გადავიდა და „საბურთალოს“ წინააღმდეგ ითამაშებს.
გახსოვთ „დინამო“ – „აეკის“ შეხვედრა, ევროპა ლიგის ჯგუფთან ერთ ნაბჯში რომ ვიყავით? მაშინ ბერძნულ გუნდს მაგრად ვეჭიდავეთ, მატჩი დამატებით დრომდე მივიდა და გუდიონსენის გამოცდილება რომ არა…
ეს ყველაფერი რამ გამახსენა? მაშინ, ბოლოს ვნახე, ქართული კლუბის თამაშის დროს გულშემატკივარს „დინამო-არენა“ ბოლომდე გაევსო. ჩვენს ბიჭებს ამან მისცა ძალა უფრო ძლიერ მეტოქესთან ტოლ-სწორად ეთამაშა. სამოცი ათასი გულშემატკივარით გულანთებულ ფეხბურთელებს, „ფეიენოორდის“ კი არა, მაკაის „ბაიერნის“ დამარცხებაც შეუძლია…
