ნაევროთასევს, ერთთვიანი შესვენების შემდეგ, ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა.
სეზონის დასაწყისში წაფორხილების შემდეგ, თბილისის „დინამო“ ერთობ წარმატებით თამაშობს. კვირას ფელის ვისენტეს ბიჭებმა „ლოკომოტივი“ გააცამტვერეს – 6:0. ეს დინამოელთა ზედიზედ მერვე გამარჯვება გახლდათ ეროვნულ ჩემპიონატში, თუ ამას ევროპა ლიგაზე მოპოვებულ კიდევ ოთხ მოგებას დავამატებთ, 12 გამოვა. ბოლო ხუთ შეხვედრაში კი 18 ბურთი გაიტანეს და არცერთი გაუშვიათ. თანაც რა გოლები, ერთიმეორეზე უკეთესი.

„ლოკომოტვი“ სამეულისთვის იბრძვის და მისი დიდი ანგარიშით დამარცხება სახუმარო ამბავი არ არის. მატჩის გმირი კი 20 წლის ნიკა ნინუა გახდა, რომელმაც ორი ეფექტური ჯარიმა გაიტანა და თითოც ლევან კუტალიასა და კვამე კარიკარის გატანინა.

საერთოდ ნინუას პროგრესი ბოლო დროს თვალში საცემია. „დინამოს“ აკადემიის აღზრდილმა „გაბალასთან“ ორივე მატჩშიც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, კვირას კი უპირობო ლიდერად მოევლინა გუნდს.

თამაშს ევროპა ლიგაზე დინამოელთა მომავალი მეტოქის, როტერდამის „ფეიენოორდის“ წარმომადგენელი როი მაკაი ესწრებოდა. ის „ფეიენოორდის“ თვდამსხმელთა მწვრთნელია. ასეთი თანამდებობაც არსებობს კლუბში. მას პირველი და ახალგაზრდული გუნდების შემტევთა გაწვრთნა-დაღვინება ევალება.

მაკაი ჩაფიქრებული ჩანდა. „დინამომ“ მართლაც დიდებულად ითამაშა. ახლა მართლაც ძალიან საინტერესოა ჰოლანდიურ კლუბთან დაპირისპირება. სწორედ იქ გამოჩნდება დღევანდელი უნიჭიერესი გუნდის ნამდვეილი სახე.

„ფეიენოორდი“ ჯერ ყოჩღად ვერ გამოიყურება. კვირასვე ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველ ტურში, თანაქლაქელ „სპარტასთან“ 95-ე წუთზე გადარჩა წაგებას. მატჩი კი 2:2 დამთავრდა.
ცხადია, წყვილში ფავორიტი „ფეიენოორდია,“ თუმცა, თუ მენტალურად არ გავტყდით, ეგებ შანსი ჩვენც გვქონდეს.

უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა ჩემპიონობის კიდევ ერთმა მაძიებელმა, ბათუმის „დინამომ.“ ზღვისპირელებმა შინ გორის „დილას“ ვერაფერი მოუხერხეს – 0:0. იღბლიანი გამოდგა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის დებიუტი გორელთა მთავარი მწვრთნელის რანგში. „დილას“ შემადგენლობაში იყვნენ ახალწვეულები: მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი და ნახევარმცველი თენგიზ წიქარიძე. აი, ბათუმელთა ახალწვეულმა, ეროვნული გუნდის შუახაზელმა ჯაბა ჯიღაურმა კი ბოლო 17 წუთს დაჰყო მინდოზე.

მნიშვნელოავანი მატჩი მოუგო „სიონმა“ „ვიტ ჯორჯიას“ – 1:0. ერთადერთი გოლი დიმიტრი ტატნაშვილმა გაიტანა.

„საბურთალოსა“ და „ტორპედოს“ შეხვედრა გადაიდო, რადგან თბილისელებს 6 აგვისტოს ევროპა ლიგის მატჩი ელით ერევანში „არარატ-არმენიასთნ.“
ტური კი ასევე 6 აგვისტოს, „რუსთავი“ – „ჩიხურას“ მატჩით დასრულდება.

3 აგვისტო
სიონი 1:0 ვიტ ჯორჯია
1:0 ტატანაშვილი (56)

4 აგვისტო
ბათუმი 0:0 დილა

ლოკომოტივი 0:6 დინამო
0:1 ნინუა (3), 0:2 კუტალია (38), 0:3 ქავთარაძე (41), 0:4 ნინუა (44), 0:5 შულაია (71), 0:6 კარიკარი (77)
საბურთალო – ტორპედო – გადაიდო

6 აგვისტო
რუსთავი – ჩიხურა

სატურნირო მდგომარეობა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

10 აგვისტო დილა – ლოკომოტივი, ვიტ ჯორჯია – ბათუმი
11 აგვისტო ჩიხურა – სიონი, ტორპედო – რუსთავი, დინამო – საბურთალო

მეგოლეები ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო/მეზოკოვეშდი, უნგრეთი) – 13, ლევან შენგელია (დინამო) – 11, ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი), ლაშა შინდაგორიძე, გიორგი დიასამიძე (ორივე – საბურთალო), ლევან კუტალია (დინამო) – 10