გერმანიის სუპერთასის შეხვედრა ბაიერნსა და დორტმუნდს შორის, როგორც der klassiker-ს შეეფერება, დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ტიტულის გარდა, ამ მატჩს ბუნდესლიგის კონტურებიც უნდა ეჩვენებინა, ბაიერნი ისევ ისეთი მრისხანეა თუ ჩემპიონობაზე სხვა გუნდებმაც შეიძლება იფიქრონ.
შეხვედრის სტატისტიკას რომ ჩახედო, იფიქრებ, თითქოს რეკორდმაისტერი კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა. ეს ასე არ იყო, ციფრები ამ შემთხვევაში უსირცხვილოდ გვატყუებენ. თამაშის მიმდინარეობა ფავრის ჩანაფიქრით წარიმართა. გამოცდილმა შვეიცარიელმა, სწრაფი გოლის იმედად, გუნდს პირველ წუთებში აგრესიული შეტევა დაავალა, თუმცა როცა ნახა, რომ პირდაპირი შტურმი მეტოქის წისქვილზე ასხამდა წყალს, უკან დაიხია და თავის შანსს დაუწყო ძებნა.
ასე გაილია პირველი ტაიმი, ორივე კართან ბევრი მომენტით, თუმცა უგოლოდ. არ ვიცი გასახდელში მწვრთნელებმა ფეხბურთელებს რა უთხრეს ან ჯეიდონ სანჩომ რა მაგიური წამალი დალია, თუმცა 49-ე წუთზე, ბაიერნის წამყვანი ფეხბურთელები: ალაბა, ბოატენგი, ტოლისო და ალკანტარა თავბრუსხვევამდე აბზრიალა, საჯარიმოსთან მყოფ პაკოს ბურთი დასარტყმელ პოზიციაში დაუგორა, რომელმაც მოხდენილად მოჭრა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა.
პირველი გოლიდან დიდი დრო არ იყო გასული, როდესაც ინგლისელმა ბაიერნის აქოშინებულ მცველებს მხოლოდ მის ზურგზე დაწერილი ნომერი და გვარი აჩვენა, თითქმის ნახევარი მოედანი გაირბინა და მანუელ ნოიერს ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი…
რა თქმა უნდა, რეკორდმაისტერს მომენტები ჰქონდა, შეიძლება ჰიტცმა დორტმუნდელთა კარს უძველესი აცტეკური ჯადოც დაადო, მაგრამ შავ-ყვითლებზე აუგის სათქმელად ენა არავის მოუბრუნდება.
საპასუხოდ კოვაჩზე რა შეიძლება ითქვას? ხორვატი სპეციალისტი ფავრიმ პირწმინდად დაჩაგრა. გამოჩნდა, რომ ბაიერნს სათადარიგოთა სკამიდან შეტევის გაძლიერება არ შეეძლო. მისაღებია ის არგუმენტი, რომ მიუნხენელებს გნაბრი და ერნანდესი არ ჰყავდათ, თუმცა, პირველ ყოვლისა, რაც მათ ამ შეხვედრაში აკლდათ, ეს ფანტაზია იყო.
მეტოქესთან შედარებით, დორტმუნდელთა დანაკლისი ფეხბურთის გულშემატკივარს თვალში უფრო მეტად მოხვდებოდა: ჰუმელსი, ბრანდტი და აზარი… ოპტიმალური შემადგენლობით ვინ უფრო მოიგებდა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.
ბაიერნმა სანე სასწრაფოდ უნდა იყიდოს, ის გუნდს აუცილებლად გააძლიერებს, თუმცა ამ დორტმუნდის შემხედვარე, ეს მაინც არაფრის გარანტია იქნება…