იურგენ კლოპმა „მანჩესტერ სიტის” სიმდიდრეზე და სატრანსფერო ხარჯებზე გაამახვილა ყურადღება — აბა, ჩვენ, „ლივერპულს” მაგდენი სად გვაქვსო. „სიტიმ” გერმანელი მწვრთნელის ეს განცხადება მის ავტოგოლად მიიჩნია — თურმე, ბოლო ორი წელიწადია, „ლივერპული” მეტს ხარჯავს.

კვირას ინგლისში „ქომუნითი შილდია” ანუ სუპერთასი. ერთმანეთს სწორედ „სიტი” და „ლივერპული” ხვდებიან და კლოპმა ამ შეხვედრის წინ მანჩესტერელთა სიმდიდრის თემა თითზე დაიხვია; მე მაგათ სად ვსდიოო. მერსისაიდელთა თავკაცმა ოთხი კლუბი დაასახელა: „რეალი”, „ბარსელონა”, „პარი სენ ჟერმენი” და „მანჩესტერ სიტი”, რომლებიც, მისი ვერსიით, ახალი ფეხბურთელების ყიდვაში რეგულარულად 200-300 მილიონ გირვანქას ხარჯავენ.

თუ გახსოვთ, კიდევ უფრო ადრე გვეწერა, რომ კლოპმა ამ ოთხ გუნდზე თქვა ზღაპარში ცხოვრობენო. უფრო ზუსტად, ასეთი სიტყვა მოძებნა: ფანტაზია-ლენდი. იქ არიანო. და მისი ამგვარი კომენტარები თვით „ლივერპულის” ოფიციალურ ვებ-გვერდზეც კი გამოქვეყნდა.

როგორც მოგახსენეთ, „სიტის” ბანაკს კლოპის კომენტარებზე რეაქცია ჰქონდა. „ქალაქელთა” ერთ-ერთმა დირექტორმა ომარ ბერადამ თქვა: „მართალი გითხრათ, გაგვიკვირდა. „ლივერპული” ძლიერი მოწინააღმდეგეა და არ ვიცი, მის წარმომადგენლებს რაში სჭირდებათ ასეთი რაღაცების თქმა. არ მესმის, რა საჭიროა სხვისი ფულის თვლა. არ იფიქროთ, რომ გავბრაზდით, უბრალოდ გავოცდით, როდესაც მათ ჩვენს ხარჯებზე დაიწყეს ლაპარაკი. ჩვენ ხომ მათი ხარჯი არ გვაღიზიანებს. ჩვეულებრივი ფაქტია: ტოპ-კლუბები ახალი მოთამაშეების შესაძენად დიდ ფულს იხდიან. იმის თქმა, რომ ჩვენ, პსჟ, „ბარსელონა” და „რეალი” 200 მილიონ გირვანქას ვხარჯავთ, არასწორია. და საერთოდ, ჩვენ სხვისი ჯიბე არ გვაინტერესებს”.

ფაქტი კი ასეთია: მიმდინარე სატრანსფერო სეზონში „სიტის” როდრისა და ანჯელინიოში ერთად 70 მილიონი გირვანქაც კი არ დაუხარჯავს.

გვარდიოლას კლუბმა შარშან ამ დროს რიად მაჰრეზში გადაიხადა 60 მილიონი და ეს კლუბის რეკორდი ყოფილა.

კიდევ, 2018 წლის იანვარში მანჩესტერელებმა 57 მილიონად ემერიკ ლაპორტი იყიდეს.

თავის მხრივ იურგენ კლოპმა სხვას რომ თავი დავანებოთ, ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა — მცველისა და მეკარის ყიდვაში. 2018-ის იანვარში 75 მილიონი გირვანქა ვირჯილ ვან დეიკში გადაიხადა, გასულ ზაფხულში კი მეკარე ალისონში გაიღო 67 მილიონი.

ინგლისური პრესა წერს, რომ გასულ სეზონში „ლივერპული” საერთო სატრანსფერო ხარჯით მსოფლიოში მეხუთე ადგილზე გავიდა, ხოლო „სიტი” 25 კლუბს შორისაც კი არ არის.

ხელფასების თვალსაზრისითაც თურმე „ლივერპული” „სიტის” 4 მილიონი გირვანქით უსწრებს.