დიდი ხანია „დინამოს“ თავისი ქომაგი ასე აღარ გაუხარებია. სტადიონზე მისულმა დაახლოებით 6 ათასმა გულშემატკივარმა დადებითი ემოციის ვეება დოზა მიიღო. თამაშის შემდეგ, ქუჩაში გამოსულებსაც კარგა ხანს გვესმოდა ომახიანი : „დინამო“, „დინამო“!..

ჩინებულად დაიწყო წლევანდელი ევროკამპანია „დინამომ“ – ოთხი მატჩი, ოთხი გამარჯვება, ბურთების შეფარდება 12:0…

აკი თქვა კიდეც მატჩის შემდეგ, სტუმართა მთვარი მწვრთელის ასისტენტმა ზაურ ჰაშიმოვმა, ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არ აღმოვჩნდით. „დინამო“ კი ჩინებული გუნდიაო.

მართლაც, პირველი შეხვდრის არ იყოს, თბილისელებმა ამჯერადაც ყველა კომპონენტში აჯობეს სტუმრებს. პატარ-პატარა გამოხტომებს თუ არ  ჩავთვლით, ფაქტობრივად, ორივე ტაიმი ცალკარა იყო და თუ პირველ ნახევარში გოლები არ გავიდა, მხოლოდ იღბლის ამბავი იყო. მარტო ლევან შენგელიას შეეძლო რამდენჯერმე გატანა.

ლევანი რომ დინამოლეთა გამორჩეულ ლიდერად ჩამოყალიბდა, უკვე ფაქტია. თითქმის ყველა შეტევას ის იწყებდა, შორიდანაც ხშირად ურტყამდა სახიფათოდ.

ბოლოს ეს მონდომება დაუფასდა კიდეც. ოცი წუთის ინტერვალში ორი შედევრი შექმნა. ჯერ იყო და, შესანიშნავი დრიბლინგით რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. მერე კი უკვე მის საფირმო დარტყმად ქცეული მოძრაობა შეასრულა – საჯარიმოს სიახლოვეს ცაციათი შორეულ მაღალ კუთხეში დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა და კარში შევარდა.

მერე კიდევ ერთი შედევრი ვიხილეთ: მესამე წამატებულ წუთზე შეცვლაზე შესულმა განელმა კვამე კარიკარიმ, რომელიც მხოლოდ მეორე მატჩს ატარებდა დინამოელთა შემადგენლობაში, საჯარიმოში ტექნიკურად ჩამოიცილა მეტოქე მცველი და ამანაც ცაციათი შორეულ ცხრიანში აუღებელი დაურტყა ანარ ნაზიროვს.

სამი გოლი და სამივე შედევრი…

ახლა კი მესამე სკვალიფიკაციო ეტაპის დრო დადგა, სადაც ჩვენი მეტოქე ჰოლანდიური  „ფეიენოორდი“ იქნება. გუნდი, რომელთანაც განსაკუთრებული ისტორია და მოგონებები გვაკავშირებს.

28 წლის წინათ, თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში, „დინამომ“ ორი მატჩის ჯამში (3:0, 0:2) დაამარცხა როტერდამელები, ფინალში გავიდა. იქ, იენის „კარლ ცაისს“ 2:1 მოუგო და სანუკვარ თასს დაეუფლა.

თბილისში 3:0 მოვუგეთ „ფეიენოორდს.“ იმ მატჩს ვესწრებოდი და დღემდე მახსოვს ის ენით აუწერელი სიხარული.

ახლა, როტერდამელები 15 აგვისტოს გვეწვევიან და ისევ წავალ სტადიონზე. წავალ და იმედი მაქვს, ახლაც ბედნიერი წამოვალ იქიდან. თუმცა, მანამდე, პირველ მატჩში 8 აგვისტოს, როტერდამში გაძლებაა საჭირო.

ვიმედოვნებ, 38 წლის წინანდელი ამბავი აღარ გამეორდება, როცა მსაჯებმა აშკარად დაგვჩაგრეს, თერთმეტმეტრიანები არ დაგვინიშნეს, ორი აშკარა გოლი არ ჩაგვითვალეს, მაგრამ გავძელთ და ჯამში მაინც გავიმარჯვეთ.

fcdinamo.ge-ს ფოტოები

წილი
წინა სტატიამებაღეობა აღარ დასჭირდა
შემდეგი სტატიაკლოპი და სხვისი ჯიბე
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.