გახსოვთ იოჰან ბოსკამპი? მყვირალა ჰოლანდიელი, რომელიც დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი პირველი უცხოელი მწვრთნელი იყო და „დინამოს“ გარდა მცირე ხნით ეროვნულ ნაკრებსაც თავკაცობდა. ბოსკამპის აქ მუშაობას წარმატებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, მაგრამ ერთი გამონათქვამით კი დაგვამახსოვრა თავი, რომელსაც წლების მერეც ვერ ვივიწყებთ. ქართველებს მენტალიტეტში გიჭირთ და თქვენი მთავარი პრობლემაც ეს არისო. მისი კომენტარი „ფეიენოორდის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

„თბილისში 6 თვე ვიმუშავე და ვფიქრობ ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში გამორჩეული იყო. ქართველები ფანტასტიური ხალხია. საქართველოში „დინამო“ ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. მერაბ ჟორდანია, გუნდის მაშინდელი პრეზიდენტი საუკეთესო ფეხბურთელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით კრებდა და „დინამოში“ მოჰყავდა.

„ფეიენოორდს“ ახლა კარგი პერიოდი არ აქვს. ფეხბურთელები საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებიან. „დინამოსთან“ თამაში ადვილი ნამდვილად არ იქნება, თუმცა ვფიქრობ ამ ბარიერის გადალახვა სავსებით შესაძლებელია,“ – ამბობს იოჰან ბოსკამპი.

ისე, რა ხანია, ევროთასებზე ქართული კლუბის ასეთი გამართული, შეტევაზე ორიენტირებული, მწყობრი და თავდაჯერებული თამაში არ გვინახავს. ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამომ“ აზერბაიჯანული „გაბალასგან“ ქვა-ქვაზე არ დატოვა და ორი მატჩის ჯამში 5:0 გადაურბინა. მოგება მოგებად და ცალკე აღნიშვნის ღირსი მეტოქის კარში ერთი-მეორეზე გატანილი ლამაზი გოლებია. აკი, აღნიშნეს კიდეც კოლეგებმა მეზობელი ქვეყნიდან, „დინამომ“ შანსი არ დაგვიტოვა, ხოლო „გაბალამ“ აზერბაიჯანული ფეხბურთი შეარცხვინაო.

„გაბალას“ განადგურება სასიამოვნო განცდა იყო, აზერბაიჯანულ კლუბთან რამდენიმე წელი წინანდელი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანშისთვის გულშემატკივრებმაც გული იჯერეს და ხელებიც მოიფშვნიტეს, მაგრამ მალე „ფეიენოორდთან“ ჯახია… „დინამოს“ წინ გაცილებით რთული გამოცდა ელის.

„დინამო“ „ფეიენოორდთან“ პირველ მატჩს 8 აგვისტოს როტერდამში გამართავს, საპასუხოს ერთი კვირაში, „დინამო არენაზე“ .