ოლიმპიური თამაშები ოთხწლეულის ყველაზე მასშტაბური, გრანდიოზული, პრესტიჟული და მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმია, რომელშიც არათუ გამარჯვება ან მედლის მოპოვება, მონაწილეობაც კი საამაყოა.

ჩოგბურთი, ზაფხულის ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილი მისი დაარსებიდანვე ანუ 1896 წლიდან იყო, თუმცა მხოლოდ 1924 წლამდე. შემდეგ სამეფო სპორტი გარკვეულ მიზეზთა გამო ოლიმპიურ თამაშებს ჩამოშორდა და ხელახლა 1988 წლიდან შეიტანეს ოლიმპიურ პროგრამაში.

სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მაღალი დონის ჩოგბურთელები ხშირად ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას უარობენ. მართალია, ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია შემცირდა, ბომონდისთვის ოლიმპიადებზე გამოჩენა სათაკილო აღარ არის და ჩვეულ ამბად იქცა, მაგრამ გამონაკლისები მაინც არიან.

დომინიკ ტიმს ჩოგბურთის მოყვარულებისთვის წარდგენა არ სჭირდება. 25 წლის ავსტრიელი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანია და კარიერაში უკვე 13 ტიტულიც მოუხვეჭავს. წლეულს, მან მასტერსზე გამარჯვების გემოც შეიგრძნო, როდესაც ინდიან უელსში იჩემპიონა. 2018-2019 წლებში ზედიზედ ორჯერ „როლან გაროსის“ ფინალშიც გააღწია, მაგრამ იქ რაფაელ ნადალს დაეჩაგვრინა.

დომინიკ ტიმმა დაადასტურა, რომ გაისად ჰამბურგის და კიტსბულის ტურნირებში აუცილებლად ითამაშებს. ის უპირატესობას ATP-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებს და დევისის თასზე მონაწილეობას ანიჭებს და ტოკიოს ოლიმპიური თამაშები მის გეგმებში არ შედის.

აქვე ისიც ავღნიშნოთ, რომ ტიმი ავსტრიის დელეგაციის შემადგენლობაში არც რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ყოფილა.