საქართველოს რაგბის კავშირმა ერთობ ოპერატიულად იმოქმედა და უარზე წასული რუსები სამხრეთაფრიკელებით ჩაანაცვლა.

მოგეხსენებათ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაციამ რამდენიმე ხნის წინ მსოფლიო რაგბის ოფიციალურ კალენდარში შესული ტესტ-მატჩი გააუქმა, აქაოდა, 27 აგვისტოს ბორჯღალოსნებს იმ მიეზით არ ვეთამაშებით, რომ თბილისში არასტაბილური ვითარებაა და ჩვენი მორაგბეების უსაფრთხოებით გარისკვას არ ვაპირებთო. „დათვების” ამ დემარშმა ჩვენი ნაკრების სამზადისი კინაღამ არია, მაგრამ კავშირის მესვეურებმა სპარინგ-პარტნიორს მალევე მიაგნეს.

„საუზერნ კინგსი“ პორტ ელიზაბეთში ბაზირებული სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზია, რომელიც სუპერ რაგბის ტურნირში მონაწილეობდა, თუმცა დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია და რაგბის რეგიონულმა ორგანიზაციამ „სამხრეთელი მეფეები” ასევე სამხრეთაფრიკულ  „ჩიტასთან“ ერთად სუპერ რაგბიდან გარიცხა. ორივე კლუბმა გინეს პრო 12-ს მიაშურა და შიდაევროპული ტურნირი ტრანსკონტინენტურად აქცია. თუმცა, პრო 14-ში „მეფეები“ შერცხვნენ, ბოლო ადგილი დაიკავეს და ახალი სეზონისთვის გაძლიერებულად ემზადებიან. სამხრეთაფრიკილი გუნდის მესვეურები მიხვდნენ, რომ ირლანდიურ, უელსურ, შოტლანდიურ და იტალიურ კლუბებთან კონკურენცია არანაკლებ რთულია, ვიდრე სამხრეთელებთან, და ახალ სეზონში სულ სხვა დონეზე თამაშს აპირებენ.

ამიტომაც იყო, რომ ქართველთა შეთავაზებას დაუფიქრებლად დათანხმდნენ.

მოკლედ, გადაწყვეტილია, რომ 27 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება ტესტ-მატჩი საქართველოს ნაკრებსა და სამხრეთ აფრიკის „საუზერნ კინგსს“ შორის. შეხსენებისთვის: 31 აგვისტოს „დინამო არენაზე” ისტორიული მატჩია. საქართველო შოტლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს და ეს იქნება ტიერ 1-ის წევრი ქვეყნის ნაკრების პირველი სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში. მომზადების დასკვნითი ეტპი – 6 სექტემბერს, ედინბურგის „მარიფილდზე”, იგივე სქოთებთან…