„აუდის თასზე”, მესამე ადგილისთვის, „რეალმა” „ფენერბაჰჩეს” 5:3 მოუგო. ეს თამაში „ალიანც არენაზე” გაიმართა. მატჩის დამთავრების შემდეგ მადრიდელთა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პრეს-კონფერენცია მოაწყო. კითხვების დიდი ნაწილი გარეთ ბეილის თემას შეეხო.
„ბეილის შესახებ ახალს ვერაფერს გეტყვით. მე არ მინახავს ფოტოები, რას აკეთებდა ის მადრიდში, სანამ ჩვენ აქ ტურნირზე ვთამაშობდით. იმედი მაქვს, რომ გულმოდგინედ ვარჯიშობდა, რაც მარტივად გამოჩნდება, როდესაც ესპანეთში დავბრუნდებით. მე მას ვერ მივუთითებ, რით უნდა დაიკავოს თავი, როდესაც მარტო რჩება. ის საკმაოდ ზრდასრულია საიმისოდ, რომ თავად წყვეტდეს რა უნდა აკეთოს. ეს მისი პირადი ცხოვრებაა, რომელსაც ვერ განვსჯი”, — თქვა ფრანგმა.
საქმე კი ის გახლავთ, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, სადაც მადრიდში დარჩენილი ბეილი კი არ ვარჯიშობს, არამედ გოლფს თამაშობს. ამან განამტკიცა ეჭვი, რომ ის, რაც ზიდანმა წინა პრეს-კონფერენციაზე თქვა, თითქოს უელსელი ჯანზე ვერ იყო და ესპანეთში ამიტომ დარჩა, ტყუილია. როგორც ამბობენ, სინამდვილეში ბეილი „რეალს” გერმანიაში პროტესტის ნიშნად არ გაჰყვა.
მოგეხსენებათ, გარეთ ბეილს ჩინური კლუბი „ჯიანგსუ სუნინგი” ტრანსფერს და კვირაში „ხელზე” მილიონ გირვანქას სთავაზობდა. როგორც ამბობენ, ეს ტრანსფერი „რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ჩაშალა, რამაც უელსელი ვარსკვლავი გააბრაზა და გაფიცა.
ამბობენ იმასაც, რომ ზიდანი ბეილს არ წყალობს და „რეალმა” რომც არ გაყიდოს, მოედანზე გაყვანას არ უპირებს. სხვა სიტყვებით, არ არის გამორიცხული, რომ მადრიდულ გუნდში შემდგომ სატრანსფერო ფანჯრამდე ირიცხებოდეს ფეხბურთელი, რომელსაც ოთხჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული, კვირაში 650 000 გირვანქას იღებს, მაგრამ… დროს გოლფის თამაშით კლავს.