ფეხბურთი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თითქოს ყველაზე უკეთ ასახავს. დილეტანტისთვისაც ადვილი შესამჩნევია, ბრაზილიისა და გერმანიის, იტალიისა თუ ჰოლანდიის სათამაშო სტილი ერთმანეთისგან როგორ განსხვავდება. ადამიანს გეჩვენება, თითქოს ამ სპორტს სახელმწიფოს მაჯისცემაზე თითი უდევს და მის მდგომარეობაზე რეაგირებს.

თამაშის სტილით, დღევანდელი გერმანია ოცი წლის წინანდელს არ შეიძლება შეადარო. არ ვდავობ რომელი სჯობს, მრისხანება არც ერთ ფორმაციას აკლია, განსხვავება მხოლოდ გემოვნებაში მდგომარეობს.

აი, ორიათასიანების გერმანია, ოთხმოციანი წლებისას ბევრად წააგავს, მანამდე სამოციანებისას და ეს ყველაფერი იქამდე, სანამ ამ ნაკრების პირველ ტიტულამდე არ მივალთ. ფეხბურთელების ოსტატობა განსხვავდებოდა, თუმცა გერმანიას მისი დამახასიათებელი სათამაშო სტილით მილიონი ნაკრებისგან ადვილად გამოარჩევდი.

დღესაც გვხვდება ძველი ყაიდის ფეხბურთელები. ბასტიან შვაინშტაიგერი 2014 წლის ფინალში ამაყი გერმანიის ჭეშმარიტი შვილი იყო. მას მოედანი ბრძოლის ველად ჰქონდა ქცეული და სანამ ნანატრი მსოფლიოს ჩემპიონის თასი არ ჩაიხუტა, მანამდე არ გაჩერდა. მინდორზე იმაზე მეტი გააკეთა – ვიდრე შეეძლო.

თუმცა ასეთი ფეხბურთელები ბუნდესმანშაფტში უფრო და უფრო ცოტანი დარჩნენ. ახლა ამ ნაკრების იმედის თვალი ერთ ბიჭზეა მიპყრობილი, ლევეკრუზენის ბაიერში თამაშობს და თითქოს ძველ და ახალ გერმანიას აერთიანებს. ძველს თავისი ხასიათით, რკინის ნერვებით, გადამწყვეტ მომენტში ფეხი რომ არ აუცახცახდება. ოცი წლის არის და ჩამოყალიბებული პროფესიონალივით თამაშობს.

ახალ გერმანიას კი თავისი ტექნიკით წააგავს. გვახსოვს ბეკენბაუერი, ბრაიტნერი, მიულერი, რუმენიგე, ზამერი, კლინსმანი, მათეუსი, კლოზე, მაგრამ მათგან განსხვავებით, კაი ჰავერცი გამოკვეთილად მარცხენა ფეხით თამაშობს.

ახალი გერმანიის სახე კი მესუთ იოზილია – ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური მოთამაშე. მისი ოსტატობა ყოველთვის აღფრთოვანების საგანი იყო, თუმცა მისი მთავარი პრობლემა მენტალიტეტში მდგომარეობს. თამაში თუ წაუვიდა – დაფრინავს, სხვა შემთხვევაში კი მაყურებელი მატჩში 1-2 კარგ პასს უნდა დასჯერდეს.

რკინის ჰავერცი დახვეწილი ფეხბურთელია.

ის ლევერკუზენის ბაიერის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთლი გახდა, რომელმაც ბუნდესლიგაში ითამაშა.

2017 წელს, 15 მარტს, მადრიდში ატლეტიკოსთან ჩემპიონთა ლიგაში სათამაშოდ უნდა წასულიყო, მაგრამ ეიფორიას არ აჰყვა, ჯერ სასკოლო გამოცდები ჩასამთავრებელი მაქვსო და სახლში დარჩა.

გერმანულმა ავტორიტეტულმა გამოცემა კიკერმა 250 ფეხბურთელს შორის გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვინ იყო 2018-19 წლების ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი. პირველზე ჰავერცი გავიდა და ისეთი ფეხბურთელები ჩამოიტოვა, როგორებიც მარკო როისი და ჯეიდონ სანჩო არიან.
ეს ნაკლებად გასაკვირი გახდება, მის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ: ბუნდესლიგის 34 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

თანაც, ის შემტევი ნახევარმცველია, ფანტაზისტა და არა ტიპური ფორვარდი.
ჩვენ თვალწინ შესაძლოა ამ ბიჭში ახალი გერმანია დაიბადოს.