ბეისბოლის ქომაგისთვის ლოეკ ვან მილის სახელი უცხო არ უნდა იყოს. ჰოლანდიელი სპორტსმენი, გარდა თავისი საქმის უზადოდ ცოდნისა, იმითაც იყო გამორჩეული, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალ ბეისბოლისტად ითვლებოდა. მისი სიმაღლე 215 სანტიმეტრი გახლდათ…
ლოეკ ვან მილი 34 წლი ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ექიმებთან ერთად, სამართალდამცავებიც კვლევის პროცესში არიან. არსებობს ვარაუდი, რომ სპორტსმენის სიკვდილის მიზეზი შესაძლოა 8 თვის წინანდელი უბედური შემთხვევა გამხდარიყო, როდესაც ჰოლანდიელი ბეისბოლისტი სერიოზულად დაშავდა და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შარშან დეკემბერში, ლოეკ ვან მილი ავსტრალიის მთებს მარტო ლაშქრავდა, როცა ფეხი დაუცდა, წაიქცა და თავი ქვას დაარტყა. ის 24 საათი უგონოდ იყო და შემთხვევით ტურისტებმა იპოვეს, მათვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვან მილს ქალა-ტვინის სერიოზული დაზიანება აღმოაჩნდა, თუმცა მკურნალობის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და აქტიურ სპორტსაც დაუბრუნდა. უფრო მეტიც – მან თავის კლუბის „ბრისბენ ბენდისტის“ ზედიზედ მეოთხედ გაჩემპიონობაშიც დიდი წვლილი დაიდო.
ლოეკ ვან მილი პოზიციით „პიჩერი“ იყო. მწვანე კონტინენტზე ზედიზედ 4-ჯერ გამარჯვების შემდეგ, ის ჰოლანდიაში დაბრუნდა და მალევე კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მას ამერიკულ MLB-ში არასოდეს უთამაშია, თუმცა ბეისბოლის სამყაროში გამორჩეული მოთამაშე იყო.