„ფრანს ფუტბოლთან” ინტერვიუში 67 წლის გადამდგარმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ჩვეული პირდაპირობით ილაპარაკა იმ ფეხბურთელებზე, რომლებთანაც ცხოვრებაში შეხება ჰქონია და მისი გული ვერ მოუგიათ. ვან გაალისთვის მთავარი გუნდია. მას სწამს, რომ ყველა ფეხბურთელი გუნდისთვის უნდა თამაშობდეს და ცალკეულ მოთამაშეზე ერთი კოლექტივიც კი არ უნდა იყოს აწყობილი.
„მე გუნდის მწამს, ინდივიდუმის კი არა, — თქვა 1995 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა („აიაქსი”) მწვრთნელმა, — სამწუხაროდ, როდესაც მკვეთრად გამორჩეული ნიჭით დაჯილდოვებული ფეხბურთელი გყავს, უნებლიედ დანარჩენების მასზე მორგება გიწევს. ეს კი იმის წინაპირობაა, რომ ნამდვილი გუნდის აწყობა გაგიჭირდება. რატომ? იმიტომ, რომ ასეთ დროს ამ ინდივიდუალისტის მენტალიტეტზე ხდები დამოკიდებული: მიიჩნევს ის თავს მთლიანი ორგანიზმის ნაწილად თუ არა.
ჩემი სამწვრთნელო კარიერიდან ორ დიდ პროფესიონალს გამოვყოფდი. ესენი არიან ფრანკ რაიკარდი და ლუიშ ფიგუ. როდესაც ისინი ჩემთან მოხვდნენ, ორივენი 30 წელს გადაცილებულები იყვნენ. 34 წლის რაიკარდი ჩემი ყველა იდეის შესაწოვად იყო მზად. ის ვარსკვლავის სტატუსს სათავისოდ კი არ იყენებდა, ყველაფერი გუნდისთვის უნდოდა. მე ასეთი მოთამაშეები მირჩევნია მათ, ვისაც ხალხი ვარსკვლავს ეძახის. ჩემთვის ნამდვილი ვარსკვლავი იყო ფიგუ და არა ფრანკ რიბერი. რიბერი გუნდის ნაცვლად ყოველთვის საკუთარ თავზე ფიქრობდა”.
შემდეგ, საუბარი პეპ გვარდიოლაზე ჩამოვარდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიადეს მწვრთნელად არის მიჩნეული. ლუის ვან გაალი ამ მოსაზრებას დიდად არ ეთანხმება.
„გასულ სეზონში, გვარდიოლამ ინგლისში ყველა შეჯიბრება მოიგო, მაგრამ მთავარი ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია. მან ჩემპიონთა ლიგა ვერც „მანჩესტერ სიტის” მოაგებინა და ვერც „ბაიერნს”, რომელსაც „სიტიმდე” ხელმძღვანელობდა. და იცით რატომ? იმიტომ, რომ ის მეტისმეტად გართულია თავისი გუნდით და მეტოქეს ყურადღებას არ აქცევს. არადა, ბალანსს დაცვა სჭირდება. უნდა შეისწავლო მოწინააღმდეგე. უნდა დააკვირდე მის დადებით და უარყოფით მხარეებს. მე მეტოქეს ყოველთვის პატივს ვცემდი”, — თქვა ვან გაალმა, რომელიც კარიერაში ხელმძღვანელობდა „აიაქსს”, „ანტვერპენს”, „ბარსელონას” „ალკმაარს”, „ბაიერნს”, ჰოლანდიის ნაკრებსა და „მანჩესტერ იუნაიტედს”.
რაც შეეხება გვარდიოლას, მან „ბარსელონას” მწვრთნელობისას ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.