ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ გარეთ ბეილს ფიზიკური პრობლემა ჰქონდა და ამიტომ არ გაემგზავრა „რეალთან” ერთად მიუნხენში „ტოტენჰემ ჰოთსფურთან” სათამაშოდ.
შეგახსენებთ, რომ ეს იყო „აუდის თასის” შეხვედრა, რომელიც „სფურზმა” 1:0 მოიგო. ბეილი, როგორც ვთქვით, მადრიდში დარჩა, რასაც წინ მისი ჩინური ტრანსფერის ჩაშლა უძღოდა და ყველამ იფიქრა, რომ უელსელი მადრიდელებს გერმანიაში პროტესტის ნიშნად არ გაჰყვა.
შესაძლოა, ბეილის დარჩენა იყო კიდეც პროტესტი, მაგრამ ზიდანმა სხვანაირი სურათი დახატა: „ის ჩვენთან ერთად არ გაემგზავრა, რადგან ფიზიკურად ვერ იყო ფორმაში. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ აჯობებდა მადრიდში დარჩენილიყო და ინდივიდუალურად ევარჯიშა”, — თქვა „რეალის” თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი „რეალში” 2013 წელს სწორედ „ტოტენჰემ ჰოთსფურიდან” გადავიდა და მას მერე ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
რაც შეეხება ლონდონური გუნდის სატრანსფერო ზაფხულს, ის არაფრისმთქმელია. პრემიერლიგის დაწყებამდე დაახლოებით ერთი კვირაა დარჩენილი, „სფურზმა” კი სულ ორი მოთამაშე დაიმატა. თან, ერთი მათგანი, ჯეკ კლარკი, ლონდონელებმა ჩემპიონშიფის „ლიდს იუნაიტედიდან” იყიდეს და… იჯარით იქვე დატოვეს.
„ტოტენჰემის” მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო, როგორც ჩანს, მისი კლუბის პატრონების პასიურობამ გააღიზიანა და „რეალთან” თამაშის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე ასე თქვა:
„ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვა მე არ მეხება. წარმოდგენა არ მაქვს ჩემი მოთამაშეები სადმე გადადიან, ვინმე მემატება თუ რა ხდება. ვფიქრობ, სწორი იქნება თუ კლუბი ჩემს თანამდებობას სახელს გადაარქმევს: რომელი მენეჯერი მე ვარ; მწვრთნელი უნდა მერქვას”.