ევროსარბიელი ქართული გუნდებისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებით გრძელდება. ქვეყნის კოეფიციენტის ამაღლებაზე თბილისის „დინამო“ განსაკუთრებთ ზრუნავს. სამიდან სამი მოგების შემდეგ, ელიგის ლიდერი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლიდანაც ერთ ნაბიჯშია. პირველი მატჩის მერე „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალას“ 2:0 უგებს და 1 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ მასპინძლობს.

მატჩამდე, ორივე გუნდის მწვრთნელი ქართველ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში შეხვდა.

„დინამოს“ მწვრთნელი ჩისკო მიიჩნევს, რომ ორრაუნდიან დაპირისპირებაში ჯერ არაფერი დასრულებულა და ქართული გუნდის ფეხბურთელებს სიმშვიდის საფუძველი არ აქვთ.

“ამაყი და ჩემი ფეხბურთელების ძალებში დარწმუნებული ვარ. „გაბალასთან“ რთული საპასუხო მატჩი გველის, ამიტომ ნაცნობი სტილით ვითამაშებთ.

ლევან შენგელია თბილისის „დინამოსთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვთვლი, რომ უკვე მზადაა „დინამოს“ შემდეგ კარიერა მაღალი დონის კლუბში გააგრძელოს, მაგრამ ის პროფესიონალია, ფიქრობს „დინამოზე“ და მიმდინარე ევროშესარჩევზე.

წინ რთული კალენდარი გვაქვს. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვიფიქროთ გაბალაზე. ჯერჯერობით არ ვფქირობთ შემდეგ ეტაპზე და „ფეიენოორდთან“ დაპირისპირებაზე. ცხადია ამის შანსი გვაქვს, მაგრამ ჯერ წინ სხვა ამოცანები გვიდგას – საპასუხო მატჩი „გაბალასთან“ და ეროვნულ ლიგაში დაპირისპირება „ლოკომოტივთან“.

პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ გაბალასთან პირველ მატჩში აბდელ მეჯუბის განაცხადიდან ამოყვანა ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო. ამჟამად იგი 18 ფეხბურთელშია და საპასუხო შეხვედრისთვის ემზადება.”

აზერბაიჯანში დინამომ გვარიანი ფორა მიიღო             ბადრი კეთილაძის ფოტო

სანან გურბანოვს ბევრი არ ულაპარაკია, ხოლო რაც თქვა მეტწილად უშანსოდ წაგებული პირველი მატჩის შემდეგ თავის გამართლება იყო:

„ახალგაზრდა გუნდი გვყავს. ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაწილი ევროსარბიელზე დებიუტანტია, „დინამოს“ კი რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე ჰყავს. მეტოქე უფრო კარგ ფორმაშია.

„დინამოს“ შემადგენლობიდან ლევან შენგელია მინდა გამოვყო, ის მაღალი დონის შემტევია.

პირველი მატჩის შემდეგ, აზერბაიჯანულ პრესაში ჩვენს მარცხს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ცხადია, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და ვიცით, რომ გუნდი, რომელიც ორჯერ ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვდა, უშანსოდ არ უნდა აგებდეს. თუმცა, ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ის ძლიერი ფეხბურთელები, რომლებიც შარშან ჩვენს გვერდით იყვნენ, გაბალაში აღარ თამაშობენ. გაბალა აღმასვლას ხელახლა იწყებს და გუნდი ფეხბურთელებით ახლა ივსება.

ხვალინდელ მატჩში გარკვეულ ცვლილებებს განვახორციელებთ, რომელიც საბოლოო ჯამში თავდასხმის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ვეცდებით თავიდანვე აქტიურად შევუტიოთ.”