დანიელე დე როსი, რომელმაც „რომაში“ კარიერა ახლახან დაასრულა, იმის მიუხედავადაც რომ რამდენიმე კლუბი ისევ იწვევდა, ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობაც შესთავაზეს, მაგრამ ყველას და ყველაფერს უარს ეუბნებოდა…

და უცებ, არგენტინული „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელი გახდა…

დიეგო მარადონამ იტალიელის „ბომბონერაზე“ გადასვლა ნეაპოლელთა მთავარი წმინდანის, იანუარიუსის სასწაულს შეადარა. გახსოვთ ალბათ, ცნობილი იტალიური ფილმიდან, მთავარი გმირი, დუდუ, იანუარიუსს განძეულს რომ პარავს, გვერდზე მდგომი კი წმინდანს მიმართავს: არ გეწყინოს, სამაგიეროდ ეუსებიოს ვიყიდით და ჩემპიონთა თასს მოვიგებთო. სწორედ ამას გულისხმობდა დონ დიეგო.

დე როსიმ წარდგენისას თქვა: „ჩემი გული „რომას“ ეკუთვნის, მაგრამ „ბოკა“ ბავშვობიდან მომწონდა. ყოველთვის ვუცქერდი მათ მატჩებს. ვგიჟდებოდი მარადონაზე, სტადიონზე, გულშემატკივრებზე. ყოველთვის ვოცნებობდი სამხრეთ ამერიკაში ცხოვრებაზე. „ბომბონერას“ სტადიონის კიბეებზე ასვლაზე, როგორც „ბოკას“ ფეხბურთელი.“

მართლაც ამაღელვებელი და რომანტიკული ისტორიაა. და რომ არ ტყუის, ის ფაქტიც ამტკიცებს, რომ ახლა ოთხჯერ ნაკლები ხელფასი აქვს, ვიდრე „რომაში“ ჰქონდა.

2015 წელს დე როსი იტალიური სერია A-ს ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთლი იყო. წელიწადში 6,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა. 2017-ში მისი ჯამაგირი 3 მილიონამდე შემცირდა. „ბოკაში“ კი მას წელიწადში 800 ათასს გადაუხდიან.

საინტერესოა, რომ „რომაში“ ასეთივე ხელფასი 19 წლის ვილიამ ბიანდას ჰქონდა, რომელიც სეზონის განმავლობაში არცერთხელ გასულა მინდორზე.