…მან საფეხბურთო სამყარო 2004 წელს აალაპარაკა, როდესაც „პორტუს“ ჩემპიონთა ლიგა სენსაციურად მოაგებინა. რამდენიმე წლის შემდეგ იგივე „ინტერთან“ ერთადაც გაიმეორა, რაც არანაკლები მოულოდნელობა გახლდათ, მაგრამ აღიარება სწორედ პორტუგალიურ კლუბთან ერთად მიღწეულმა წარმატებამ მოუტანა და ყველასათვის მოთხოვნად მწვრთნელად აქცა. „პორტუს“ და „ინტერის“ გარდა ის „რეალს,“ „ჩელსის“ და „მანჩესტერს“ თავკაცობდა და ყველგან თავისი კვალი დატოვა.

…თუმცა ის დრო, ექსტრავაგანტულ ჟოზე მოურინიუზე რომ ტაციაობა იყო წარსულს ჩაბარდა. მას შემდეგ, რაც წინა სეზონის შუაში მას მანჩესტერიდან აბარგება მოსთხოვეს, პორტუგალიელი სპეციალისტი უქმობს. იძულებითი შვებულება კი საკმაოზე მეტად გაუგრძელდა.

„ახლა, ჩემს მშობლიურ სეტუბალში ვარ და თავისუფალი დროით ვტკბები, თუმცა გამოგიტყდებით, რომ დასვენება აღარ მსიამოვნებს. ბოლო 20 წლის მანძილზე, პირველად ხდება, რომ ივლისის მიწურულს საქმე არ მაქვს. ამ დროს ყოველთვის წინასასეზონო შეკრებაზე ვიმყოფებოდი და გუნდებს ვამზადებდი. მეგობრები მეუბნებიან, რომ არ ვინერვიულო და დასვენებით დავტკბე, მაგრამ აღარ მინდა. ვგრძნობ, რომ ფეხბურთი, ჩემი საქმე სიგიჟემდე მენატრება,“ – ამბობს მოურინიუ პოპულარულ Sky Sport-თან საუბარში.

ამასობაში კი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo გვარწმუნებს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტით „ვალენსია“ არის დაინტერესებული. ამბობენ, „ღამურების“ მეპატრონე პიტერ ლიმი გუნდის გენერალური დირექტორის მატეუ ალემანის გაშვებას აპირებს და ასეთ შემთხვევაში მას მწვრთნელ მარელინო ტორალსაც მიაყოლებსო. ლა-ლიგა სტარტს 16 აგვისტოს იღებს და ეს საქმე მანამდე უნდა მოკვარახჭინდესო.

შეგახსენებთ, ჟოზე მოურინიუს ჰქონდა შესაძლებლობა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გამხდარიყო, მაგრამ მან ჩინური შეთავაზება არ მიიღო. „განსაკუთრებული“ ასევე არ მოხიბლა ლისაბონის „ბენფიკას“ გაწრთვნის ვარიანტმაც.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ესპანეთის ჩემპიონატი მოურინიუსთვის უცხო ხილი ნამდვილად არ გახლავთ.