ჰარვი ელიოტი

იურგენ კლოპმა თქვა, ნებისმიერი პრემიერლიგელი მეტოქე, რომელიც ნახავს, როგორ ვითამაშეთ შოტლანდიაში „ნაპოლისთან”, იფიქრებს, რომ ადვილი დასამარცხებელი გუნდი ვართ და ეს შეიძლება კარგიც კი იყოსო. „ლივერპულმა” იტალიურ გუნდთან, ამხანაგურ შეხვედრაში 0:3 წააგო.

„ნაპოლის” გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა გუნდის ლიდერმა ლორენცო ინსინიემ, რომელმაც ერთი გოლი თვითონ გაიტანა, თითო კი არეკ მილიკსა და ამინ იუნესს გაატანინა.

კლოპმა თავის ფეხბურთელებს უსაყვედურა, რომ მეტოქეს ძალიან იოლად მისცეს გოლების გატანის საშუალება.

„ახლა, სეზონის დასაწყისიდანვე მთელი ძალითა და ღონით უნდა ვიბრძოლოთ, — თქვა გერმანელმა და განაგრძო, — კარგი ის არის, რომ გუნდები, რომლებიც ამ თამაშს ნახავენ, იფიქრებენ, რომ ადვილი დასამარცხებელი ვართ, სინამდვილეში კი შემდეგი კვირიდან სულ სხვა ცხოველები ვიქნებით. ორი გოლი ძალიან მარტივად გავუშვით. ბურთი იოლად დავკარგეთ და ყოველი დაკარგვა სახიფათო კონტრშეტევის მიზეზი გახდა. ამიტომ, ან თავი უკეთ უნდა დავიცვათ, ან ბურთი უკეთ უნდა ვატაროთ ან უკეთესი განლაგება უნდა მოვიფიქროთ”.

ამასთან, კლოპი მიიჩნევს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ხოლო „ნაპოლისთან” მარცხი იმის ბრალია, რომ მერსისაიდელებმა მთელი მოსამზადებელი პერიოდი სამ ინტენსიურ კვირაში ჩაპრესეს, რის გამოც დაღლილები იყვნენ.

საინტერესოა, რომ ედინბურგთან, მარიფილდში, თამაშს 65 000 მაყურებელი დაესწრო. ლივერპულელებს შეუძლიათ თავი იმით დაიმშვიდონ, რომ იყოჩაღა 16 წლის ჰარვი ელიოტმა, რომელმაც შეხვედრის ბოლოს რამდენიმე ეპიზოდში ოსტატურად ითამაშა.