ძნელად გვეჯერებოდა. ჰამბურგის წლევანდელ ტურნირზე ისეთმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, შარშანდელი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილი მხოლოდ მეოთხე ნომრად განთესეს.

მერე რა?! ნიკამ მეორედაც გაიარა ტრიუმფალური გზა გერმანიის ჩემპიონობამდე.

ფინალში ჩვენი ჯილას პირისპირ რუსთა ამომავალი ვარსკვლავი ანდრეი რუბლიოვი იდგა და რატომღაც ბუკმეკერები გამარჯვებას სწორედ მას უწინასწარმეტყველებდნენ. ალბათ იმის გამოც, რომ ნიკამ შაბათს, მსოფლიოს მეხუთე ჩოგნის, მასპინძელი ალექსანდერ ზვერევის ძლევას სამ საათზე მეტი დრო და მთელი ენერგია შეალია.

როგორც აღმოჩნდა, ქართველი ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც მზად არის მარათონული დისტანციებისთვის. პირველ ორ სეტში ანდრეი რუბლიოვი მეტ-ნაკლებად თანასწორად ეომა ნიკას, მესამეში კი უშანსოდ იყო…

საბოლოოდ 7:5, 4:6, 6:3 და ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე გერმანიის ორგზის ჩემპიონია.

ბევრი კარგი ჩოგბურთელი ისე ასრულებს კარიერას, ATP-500 კატეგორიის ტურნირი არ აქვს მოგებული, ბასილაშვილმა კი ეს მესამედ მოახერხა.

რა საჭიროა მატჩის დეტალები? ვის აინტერესებს პირველი ან მეორე მოწოდების პროცენტული მაჩვენებლები და უნებლიე შეცდომების რაოდენობა?

ნიკილოზ ბასილაშვილი ATP ტურის კვირის გმირია.

წილი
წინა სტატიატრანსფერები მოსწრებაზე
შემდეგი სტატიაკლოპი: სხვა ცხოველები ვიქნებით
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".