„ბარსელონა“ არ მალავს, რომ ამ ზაფხულს არტურო ვიდალს ან ივან რაკიტიჩს შეელევა. ფრენკი დე იონგის ტრანსფერის შემდეგ კატალონიელთა სამკაციან ნახევარდაცვაში ცხრა ფეხბურთელს აქვს თამაშის პრეტენზია.

„ბარსაც“ კი ვერ მისცემს თავს უფლებას, ამდენი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ჰყავდეს სათადარიგოთა სკამზე. მეორე მხრივ, თავად ფეხბურთელებიც ვერ იქნებიან კმაყოფილნი, თუ სათამაშო დროის გარეშე დარჩებიან.

არტურო ვიდალის მიმართ ინტერესს არ მალავს მილანის „ინტერი“, რომელიც რაჯა ნაინგოლანის შემცვლელს ეძებს. რაც შეეხება რაკიტიჩს, მან არაერთგზის დააფიქსირა, რომ გუნდიდან წასვლის სურვილი არ აქვს.

გასულ სეზონში ვიდალმა 53 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 7 პასი შეასრულა. რაც შეეხება რაკიტიჩის მონაგარს, 54 შეხვედრაში 5 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეადგინა.