რახან ეს საქმე დამთავრდა, რახან სააგენტოები ყოველ საათს აღარ მოგვაწვდიან რონალდოს გადასვლა-არგადასვლის ამბავს, მე, პირადად ვკისრულობ პეროვსკაიაზე გასეირნებას და ათიოდ პინტა ლუდს.
არ ამოვისუნთქეთ?
რაღა ეშველებოდა მსოფლიო ფეხბურთს, პატარა რონალდო რომ „ინტერში“ არ გადასულიყო? დასრულდა ეს განუმეორებელი პოსტბოსმანური ისტორია. ოცი წლის ბიჭი გადავიდა იქ, სადაც მეტს გადაუხდიან.
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სულ ერთი წელიწადნახევარში ფეხბურთელი ასეთ რამედ გადაიქცეოდა. სწორედ ამ წელიწადნახევრის წინ ჟან მარკ ბოსმანის სადღეგრძელოს ვწერდი აი, ამ სვეტში. გახსოვთ ალბათ, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი ერთი უუფლებო ვინმე იყო. ბოსმანი დიდი არაფერი მოღვაწე იყო, მაგრამ უფლების ამბავში პირველმა მან გაიმარჯვა და სულ მალე ფეხბურთელი ბატონკაცი შეიქნა. უბრალოდ უფლებამოსილი კაცი კი არა – ბატონკაცი.
განა ყველა ფეხბურთელზე ვამბობ?
არიან ნაღდი ბიჭებიც, რომლებსაც არაერთხელ უთქვამთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ფრაზა: „განა ფული ყველაფერია?“
არა, ფული ყველაფერი არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი კია.
რონალდოს შემთხვევაში არჩევანი ასე გამოიყურებოდა: ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი ფული და ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი ფული.
რა გასაკვირია, რომ ბიჭმა, რომელიც დღეს ღმერთად არის აღიარებული – ხელფასი მოითხოვოს? რონალდომ შუა სეზონშივე დაატყო, რომ მეტის მოთხოვნა შეეძლო, მოითხოვა, მისცეს. მერე კიდევ… მთელი მეორე წრე ხელფასისთვის ჭიდაობა იყო. ნუნიესი და გასპარი მაგრად დახვდნენ. ძაან ბიძები გამოდგნენ და ბოლობოლო კარგი ფულიც მოიგეს ამ ოცი წლის ბიჭში.
რონალდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მართლაც ზღაპრული მოთამაშეა. თან როგორ უხდებოდა ლურჯ-წითელი კატალონური სამოსი…
მაგრამ ფეხბურთი კარგა ხანია აღარ არის მხოლოდ ფეხბურთი – მანე გარინჩას დროება წარსულს ჩაბარდა.
„უორლდ სოკერის“ ერთ-ერთ ბოლო ნომერი გადაშალეთ და ამ ჟურნალის რედაქტორის კირ რედნიჯის კომენტარებს ჩაუკვირდით. იქ გასახდელებზეა ლაპარაკი.
როგორია ბოსმანისშემდგომი დიადი კლუბების გასახდელებიო, კითხულობს რედნიჯი.
გასახდელში ერთმანეთისადმი არცთუ კეთილად განწყობილი ბიჭები სხედან. ბიჭები, რომლებიც, ერთმანეთს წარბებსქვემოდან უმზერენ და ერთ გუნდს წარმოადგენენ, რადგან ასეთი ხელობა აქვთ. აუცილებლად გუნდი უნდა იყვნენ. გუნდი, რომელსაც „ბარსა“ ჰქვია. „ბარსა“!
თავში კი ერთადერთი ფიქრი: „ფული“.
მთელი სეზონი გრძელდებოდა ხოსეპ გვარდიოლას, ფრანკო ფერერის, იმავ რონალდოს ჭიდაობა ხელფასზე ერთი ნულის, თუ რაღაც ჯანდაბის მისამატებლად.
მე განა იმას ვამბობ: რონალდო ფულს არ უნდა ითხოვდეს-მეთქი?
პირიქით, სადაც მავანს მილიონი აქვს ფარჩაკ გუნდში, მას სამი და ოთხიც ერგება.
უბრალოდ, არ შეიძლება მთელი მსოფლიო გადააყოლო შენს ხელფასს.
არ შეიძლება დიადი კლუბები ბავშვებივით აწრუწუნო და ერთმანეთს წაჰკიდო შენი ხელფასის გამო. მითუმეტეს, რომ ძალიან ბევრი ლამაზი გოლი კი გაგაქვს, მაგრამ ერთადერთ საერთაშორისო ტიტულს ფლობ და არცთუ ყველაზე პრესტიჟულს. მესმის – უპირველესი ვარსკვლავი ხარ.
მაგრამ მაინც ასე მგონია: „ბარსა“ ათსჯერ უფრო დიდი რამ არის, ვიდრე თუნდაც ხუთი რონალდო. კატალონური ფეხბურთი არ დაწყებულა ამ, მსოფლიოს საუკეთესო ბიჭით. არც მისით დამთავრდება.
მან კი თავისი ხელფასით და მილიონებით ტვინი წაგვჭამა.
ფეხბურთში უამრავი რამ არის საინტერესო, განა რონალდოს ხელფასს უნდა გადავყვეთ?
მორჩა!
მადლობა ღმერთს.
26.07.1997