იურგენ კლოპმა ESPN-ის ჟურნალისტებს კატეგორიულად განუცხადა, რომ ფილიპე კოუტინიუს „ლივერპულში” დაბრუნება გამორიცხულია. გერმანელმა მწვრთნელმა ბრაზილიელ ფეხბურთელს „ბარსელონაში” უსურვა წარმატება.
27 წლის ფეხბურთელი „ენფილდ როუდიდან” „კამპ ნოუზე” 2018 წლის იანვარში 142 მილიონ გირვანქად გადავიდა, მაგრამ მასაც და კლუბსაც იმედი გაუცრუვდათ. ბრაზილიელმა „ბარსაში” ვერა და ვერ დაიმკვიდრა ვარსკვლავის შესაფერისი ადგილი. ოდესღაც მერსისაიდელთა ლიდერმა ვერც ბარსელონელი გულშემატკივრის გული მოიგო.
ახლა, „ბლაუგრანა” ცდილობს გათავისუფლდეს ამ მეტისმეტად ძვირი შენაძენისგან, ფეხბურთელის აგენტი, ცნობილი კია ჯურაბჩიანი კი ესპანეთის ჩემპიონს მისი კლიენტისთვის თავგზის აბნევაში სდებს ბრალს.
„როგორც ფეხბურთელი, ფილ კოუტინიო ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი და დიდი დახმარება იქნება. ის 100 პროცენტს გაიღებს ყველასთვის, ვისთანაც ითამაშებს. ერთი სიტყვით, პრობლემა მის ოსტატობაში არ არის, — თქვა კლოპმა აშშ-ში ზემოთ ნახსენებ ინტერვიუში. — მე ის ძალიან მომწონს. ფილი ფანტასტიკური ფეხბურთელია. აქ საქმე სხვა რამ გახლავთ. მისი შეძენა წარმოუდგენლად ძვირი დაჯდება, წლეულს კი ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ.
გიმეორებთ, როდესაც კოუტინიუ გყავს, ყოველ მატჩს უკეთ ატარებ, მაგრამ ჩვენ მას ვერ ვიყიდით და ამიტომ ისევ „ბარსელონაში” ვუსურვებ წარმატებას.
მე და მას ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არც ისე ახლო, რომ დაწვრილებით ვიცოდე რას აკეთებს ესპანეთში და რა პრობლემების წინაშეა. ხოლო ინფორმაციას, რომელსაც მის შესახებ გაზეთებში წერენ, ვიცნობ მაგრამ მას ვერ დავეყრდნობი. რასაც ჩემზე გაზეთებში წერენ მართალი რომ იყოს, ვაუ! და თუ კოუტინიუს შესახებაც ისეთივე სიმართლე იწერება, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ „ბარსელონაში” მისი საქმე კარგად ყოფილა და ალბათ ახალ, ექვსწლიან კონტრაქტს აწერს ხელს”.
ESPN წერს, რომ როგორც ჩანს, „ლივერპული” კოუტინიოს იჯარით გადაყვანის ვარიანტსაც არ განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ ფილიპე კოუტინიუ „ენფილდზე” 2013 წელს „ინტერიდან” 8,5 მილიონ გირვანქად გადავიდა და „წითლების” შემადგენლობაში 201 შეხვედრაში 54 გოლი გაიტანა.