ბადრი კეთილაძის ფოტო

„დინამო“ გაბალაში დაახლოებით დილის 11 საათზე ჩამოფრინდა ჩარტერული რეისით. ჩვენები Kaspia Yeddi Gozal Hotel- ში დაბინავდნენ.

გაბალაში გვარიანი ხვატია. 25 ილვისის მატჩის აჟიოტაჟი დიდად არ იგრძნობა. ეგ არის, ისეთ ადგილზეა „გაბალას“ 4 ათასიანი სტადიონი და ბაზა, თუ პირველად ხართ, კარგა ხანს მოგიწევთ მისი ძებნა.

შვიდის ნახევარზე „დინამომ“ პრესკონფერენცია გამართა, შემდეგ კი თხუთმეტი წუთი ჟურნალისტებისთავის ღია ვარჯიში ჩაატარა.

ერთი უნდა ვთქვათ. „გაბალა“ მშვენიერ სტადიონზე თამაშობს. დიდი არ არის, მაგრამ მყუდროა და ფანტასტიკური მინდვრის საფარი აქვს, რასაც ვერ ვიტყვით პრესცენტრზე. ჯერ იყო და, WI-FI ვერაფრით ჩაგვირთეს. მერე ვითომ ჩართეს, მაგრამ ჯობდა არ ჩაერთოთ. იმიტომ, რომ ყოველ წუთს ითიშებოდა და ნერვები დაგვაწყვიტა.

არ მუშაობდა დენის წყაროები, წყლის ბოთლები ლამის ადუღებულიყო. მოკლედ, შეიძლება გულით უნდოდათ მასპინძლობა, მაგრამ…

თავიდან ჟურნალისტების კითხვებს დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ უპასუხა.

  • „გაბალა“ საკმაოდ კარგი, დაბალანსებული გუნდია და თუ ამ ბარიერის დაძლევა გვინდა, 100 პროცენტით დახარჯვა მოგვიწევს.
  • ყველანაირად ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და შედეგიც დადებითი იყოს. ორი მატჩის ჯამში გაირკვევა გამარჯვებულის ვინაობა და შესაბამისად, ჩვენი მიზანია, ორივე შეხვედრაში მაღალ დონეზე ვითამაშოთ, რადგან შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს.
  • ავტორის ფოტო

    დღევანდელი ტექნელოგიების პერიოდში რა თქმა უნდა, ჩვენც ვიცით მეტოქის შესახებ ბევრი რამ და მოწინააღმდეგესაც კარგად ვყავართ შესწავლილი. სტანდარტულები ნამდვილად არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ. გარდა ამისა, რამდენიმე ფეხბურთელის წინააღმდეგ განსაკუთრებული სიფხიზლით მოგვიწევს თამაში.

  • ვიცით რამდენად ძლიერია ჩვენი მეტოქე, მაგრამ ამ შეხვედრებისთვის მზად ვართ. საერთოდ არ ვფიქრობთ, რამდენიმე წლის წინათ წაგებულ შეხვედრაზე და რევანშზე. ჩვენ აქ იმისთვის ვიმყოფებით, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.
  • ამ დროისთვის შემიძლია ვთქვა: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლევან შენგელია ჩვენს გუნდშია და მასზე დიდ იმედს ვამყარებთ. ის მოედანზე გავა და მაქსიმუმს გააკეთებს. რა იქნება მომავალში, ამაზე არ ვფიქრობთ“ – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

მერე ცოტა უცნაური რამ მოხდა. „გაბალას“ მწვრთნელის ხასან გურბანოვის პრესკონფერენციას სულ ორიოდ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დაესწრო. ქართველები შესამჩნევად ბევრნი ვიყავით.

ბადრი კეთილაძის ფოტო

გურბანოვი: „მართალია, „დინამო“ ამ მატჩისთვის ჩვენზე მეტადაა მზად, რადგან ჩვენი ჩემპიონატი ჯერ არ განახლებულა, მაგრამ სერიოზულად მოვემზადეთ.

გიგაური და ვოლკოვი? ჩვენთვის ორივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ხვალინდელი მატჩისთვის მზად არიან.

„დინამო“ ძლიერი და სწრაფი გუნდია და ამისდაკვალად, ჩვენთვის ძალიან სერიოზული მეტოქეა. ფეხბურთელების გამორჩევა არ მიყვარს, მაგრამ ლევან შენგელიას გამოვყოფდი თბილისელთა შემადგენლობიდან.“

ეს იყო ოთხშაბათს. დანარჩენი  ხვალ. შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი „გაბალასა“ და თბილისის „დინამოს“ შორის, 25 ივლისს, თბილისის დროით, 19 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

სოლომონ გულისაშვილი გაბალადან საგანგებოდ სარბიელისთვის

წილი
წინა სტატიალონდეროც უკან დარჩა
შემდეგი სტატიაერთი მუჭა დოლარისათვის
სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.