მოგეხსენებათ, ჩინურმა სახელმწიფო მას-მედიამ „მანჩესტერ სიტი” კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. მიზეზი: მათ ქვეყანაში ამასწინანდელი სტუმრობის დროს „სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა და ფეხბურთელები ადგილობრივ ფანებს ცხვირაწეულები ეპყრობოდნენ… ყოველ შემთხვევაში, სააგენტო „ჟინჰუას” აზრით ასე იყო, ეს სააგენტო კი მსოფლიოში ყველაზე დიდია.
„ჟინჰუას” (იმედია, რომ სიტყვა 新華通訊社 სწორედ ასე გამოითქმის) კრიტიკას მანჩესტერელთა მხრიდან გვარდიოლა გამოეხმაურა. კატალონიელმა მწვრთნელმა თქვა:
„წერილს არ ვეთანხმები. მეტიც, რაც იქ წერია, ტყუილია. სანამ ამ შინაარსის სტატიას გამოაქვეყნებდნენ, უნდა გაეგოთ, რა ხდებოდა სინამდვილეში. სინამდვილე კი ის არის, რომ ჩინეთში მშვენიერი დრო გავატარეთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რაც აქ ჩამოსულმა ადამიანმა უნდა გააკეთოს.
ყველა, სასტუმროს თანამშრომლით დაწყებული, უბრალო ხალხით დამთავრებული, რაღაცას გვთხოვდა და ჩვენც ყველაფერს ულაპარაკოდ ვუსრულებდით.
სეზონის განმავლობაში აზიაში ჩამოსვლას ვერ ვახერხებთ, რის გამოც, ჩინეთს ზაფხულში ვესტუმრეთ. ეს იყო დიდი გამოცდილება. ერთ რამედ ღირდა აქ სტუმრობა და ადგილობრივი კულტურის, რესტორნების გაცნობა. დიდებულია ახალი ხალხის შეძენა. და სწორედ ამიტომ არ მესმის რა დაწერა ამ წერილის ავტორმა. ვინ იცის, იქნებ, ერთი ჟურნალისტის განაწყენებაა ყველაფრის მიზეზი. ერთი სიტყვით, ვერ გეტყვით რა რატომ დაიწერა, მაგრამ რაც დაიწერა სიმართლე არ იყო”.
ოთხთა ტურნირზე, რომელსაც „აზიის ტროფი” ერქვა და რომელშიც ოთხი ინგლისური გუნდი მონაწილეობდა, „ქალაქელებმა” მეორე ადგილი დაიკავეს. პირველ შეხვედრაში მათ „ვესტ ჰემს” მოუგეს 4:1, ხოლო ფინალში „ვულვერჰემპტონთან” დამარცხდნენ პენალტებით.