„მანჩესტერ სიტი” ჩინეთში იყო, მაგრამ, ვაი, ასეთ ყოფნას — კომუნისტური ქვეყნის სახელმწიფო მედიამ პრემიერლიგის ჩემპიონს სულ ქედმაღალი და უპატივცემულო უწოდა. საინფორმაციო სააგენტო „ჟინჰუამ”, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და ცხადია ხელისუფლების აზრს გამოხატავს, „ქალაქელებზე” დაწერა, რომ ისინი ფულს არიან დახარბებულები და სხვა ფასეულობები არ გააჩნიათ.
სტატიას ჰქვია: „ჩინელი გულშემატკივრის სიყვარული „მანჩესტერ სიტისადმი” მათსავე ქვეყანაში დაუფასებელი დარჩა”. მასში წერია, რომ პეპ გვარდიოლამ და მისმა ფეხბურთელებმა მასპინძელი გულშემატკივრისადმი იოტისოდენა პატივისცემაც კი არ გამოამჟღავნეს, მაშინ როდესაც ოთხთა ტურნირის დანარჩენმა მონაწილეებმა, „ვულვერჰემპტონმა”, „ვესტ ჰემმა” და „ნიუკასლმა” სანაქებო შთაბეჭდილება დატოვეს.
მსოფლიოს უდიდესი სააგენტოს შეტევამ „სიტის” შესაძლოა დიდი პი-არ დარტყმა მიაყენოს. საქმე ის არის, რომ ინგლისური კლუბის აბუ-დაბელმა მეპატრონემ, შეიხმა მანსურმა, 2015 წელს 13 პროცენტიანი წილი კორპორაცია “ჩინეთის მედია კაპიტალს” მიჰყიდა. ჩინელებმა მაშინ 265 მილიონი გირვანქა გადაიხადეს და ეს რომ ასე მომხდარიყო, ამაში დიდი როლი თავად გიგანტური კომუნისტური სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარემ სი ცზინპინმა ითამაშა. ის, ხელშეკრულების გაფორმებამდე ორი თვით ადრე ბრიტანეთში ვიზიტით იმყოფებოდა და თავის მარშრუტში „ეტიჰედ კამპუსის” მონახულებაც ჩასვა, სადაც მიხედა კიდეც საქმეს.
თავის მხრივ, „სიტი” ჩინეთს ვეებერთელა ბაზრად აღიქვამს. ის კლუბის მართვაში ამ ქვეყნის წარმომადგენლობათა მაქსიმალურ ჩართვას ცდილობს და ამ ფონზე, სააგენტო „ჟინჰუამ”, უპატივცემულობასა და უტიფრობაზე დაიწყო ლაპარაკი.
გვარდიოლასა და მისი ფეხბურთელების ჩინეთში ვოიაჟი იმთავითვე დაითარსა, რადგან შანხაისკენ მათი ჩარტერული ფრენა ადმინისტრაციული უთავბოლობის გამო ორჯერ გადაიდო. საბოლოოდ, გუნდი დანიშნულების ადგილზე კი ჩავიდა, მაგრამ ეს 48 საათის დაგვიანებით და ორი დამოუკიდებელი რეისით მოხდა.
სტატია, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, გვარდიოლას კრიტიკით იწყება. კატალონიელ მწვრთნელს, „ვესტ ჰემთან” გამარჯვების შემდეგ, ადგილობრივ გულშემატკივრებთან შეხვედრაზე უარი უთქვამს.
შემდეგ, სტატიაში წერია, მარტო ეს რომ მომხდარიყო რა უშავდა, მაგრამ „სიტიმ” ჩინელი გულშემატკივრისა და ჟურნალისტების შეურაცხყოფის მთელი კასკადი მოაწყოო. მოკლედ, „ქალაქელებმა” ჩინეთში ცხვირაწეული და უჟმური ხალხის შთაბეჭდილება დატოვეს. სამაგიეროდ, ოთხთა ტურნირის გამარჯვებულმა „ვულვერჰემპტონმა” როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, საუკეთესო ეფექტი მოახდინა.
„დანარჩენ სამ კლუბს ჩინელები დიდი სიყვარულითა და პატივისცემით აცილებენ, „მანჩესტერ სიტი” კი არაფრით მიდის”, — წერია სტატიაში.