აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყო ევროპის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, სადაც 49 ქვეყნის 3600-მდე სპორტსმენს შორის ქართველებიც არიან.
ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიელები საკუთარ ძალებს მოსინჯავენ მძლეოსნობაში, ცურვაში, ველოსპორტში, ჩოგბურთში, ძიუდოში და თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
ოლიმპიური ფესტივალის პირველ საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის იბრძოდნენ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები 45 და 55 კილოგრამ წონით კატეგორიებში. პრიზიორთა შორის არიან ქართველი ფალავნებიც.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ნიკოლოზ სანთელაძემ (45 კგ) ჯგუფურ ეტაპზე პოლონელი ფაბიან ნიედზვიედკი და იტალიელი პაოლო ლუმია დაამარცხა, ნახევარფინალში რუსი ელდარ ასაკაევი, ფინალში კი მასპინძელ მურად ჰაგვერდიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედლი იკმარა.
იგივე შედეგია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც, სადაც რომეო ბერიძემ (55 კგ) პირველი შეხვედრა გამოტოვა, შემდეგ ფრანგ იანის ნიფრის შეხვდა და მოუგო, ასევე მოუგო აზერბაიჯანელ ნიჰატ მამადლის, ნახევარფინალში თურქ ბეკირ ატეს, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბელარუს გლებ მაკარანკასთან დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა.