ტურნირი, რომელსაც ჩოგბურთის და ზოგადად სპორტის ქართველი ქომაგი ელოდა დაიწყო.
რა თქმა უნდა, ჰამბურგის საჩოგბურთო შეჯიბრი მასტერსებისგან, მით უფრო დიდი სლემებისგან შორს დგას, მაგრამ მაინც საკმაოდ წარმომადგენლობითია და 500 სარეიტინგო ქულას იძლევა.
რატომ ველით? მისი ბოლო გამარჯვებული ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ, რომელსაც ტიტულის დაცვა მართებს, რაც იმაზე უფრო რთულია, ვიდრე შარშან გაჩემპიონება იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებური მოქმედი ჩემპიონია, ჰამბურგში მე-4 ნომრად არის განთესილი, თუმცა საქმეში მეორე წრიდან ერთვება. მისი მეტოქე კი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ძირითად ბადეში გადასული ბოლივიელი ჰუგო დელეინია, რომელიც რეიტინგის 87-ე ჩოგანია.
მატჩი 23 ივლისს, 13:30 წუთზე არის დაგეგმილი. ნიკოლოზ ბასილაშვილი რომ იდეალურს ვინ ჩივის, სასურველი ფორმისგან შორს არის, ეს წლევანდელი სეზონის პირველ ნახევარშიც თვალნათლივ გამოჩნდა.
ქართველი მეჩოგნე მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად ვერ იყო და მეიჯორებს თუ სხვა ტურნირებს უმეტესად ნაადრევად ეთიშებოდა. ფეხბურთის არ იყოს, დღეს ჩოგბურთის თამაშიც ბევრმა ისწავლა და იოლი გასეირნების მოლოდინიც არ გვაქვს, მაგრამ 26 წლის დელეინის ბარიერი უცილობლად გასავლელია, თან როდესაც კორტზე ჩემპიონის რანგში გადიხარ და მსოფლიოს მე-16 ჩოგანი ხარ.
ზემოთ ვთქვით, რომ ბასილაშვილი ტურნირზე მე-4 ნომრად არის განთესილი და აქვე სამეულიც ვთქვათ – ჰამბურგში დომინიკ ტიმი, ალექსანდრე ზვერევი და ფაბიო ფონინი ითამაშებენ.