მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. 20 ივნისს, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას ახალი პრობლემა მოჰყვა. თავისი პარლამენტის წევრის საქართველოდან დაცვის თანხლებით გასტუმრებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტით უპასუხა და რუს ტურისტებს საქართველოში სტუმრობისგან თავის შეკავება ურჩია…

მაგრამ რა კავშირშია ყოველივე სპორტთან? საქმე ის გახლავთ, რომ ხსენებული ინციდენტიდან რამდენმე ხნის შემდეგ გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ რუსეთის მორაგბეთა ნაკრები თბილისში ტესტ-მატჩის გასამართად, ალბათ, აღარ ჩამოვიდოდა. მოგეხსენებათ, თიბისის რაგბის სერიების ეგიდით გასამართი მატჩით რუსეთისა და საქართველოს ნაკრებები მსოფლო თასისთვის პრაქტიკულ სამზადისს იწყებდნენ. თამაში 27 აგვისტოს „მიხეილ მესხზე“ უნდა გამართულიყო და ბილეთების გაყიდვაც უკვე დაწყებული იყო. მაგრამ…

„ რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმა შეშფოთებით აკვირდებოდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კერძოდ კი თბილისში ამას წინათ განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, საქარველოს ტერიტორიაზე მიმდინარე, რადიკალურად განწყობილი პირების გამოსვლებს შედეგად მოჰყვება მართლწესრიგის დარღვევები, რაც შესაძლოა თავისმხრივ დაემუქროს ქვეყანაში მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ხსენებულ გარემოებებთან დაკავშირებით, იძულებულები ვართ გამცნოთ, რომ 27 აგვისტოს დაგეგმილი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა მატჩი აღარ გაიმართება.

რუსეთის რაგბის ფედერაცია ძალიან აფასებს პარტნიორულ ურთიერთობებს საქართველოს რაგბის კავშირთან და თავს ვალდებულად მიიჩნევს შეგახსენოთ, რომ ჩვენი თამაშის ერთერთი ფუძემდებელი პრინციპია სოლიდარობა და ურთიერთპატივისცემა, რაც სცილდება კულტურულ, გეოგრაფიულ, პოლიტიკურ და რელიგიურ განსხვავებებს.

უკიდურესად გულწრფელ ბოდიშს ვუხდით ორივე გუნდის გუშემატკივრებს“, – ასეთი განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის რაგბის ფედერაციამ.

რა გაეწყობა, ძალით აქ ვერავის ჩამოვიყვანთ. ჩვენი რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძის ოფიციალურმა კომენტარმაც არ დააყოვნა:

„სამწუხაროდ რუსეთის ნაკრები მატჩის ჩასატარებლად აღარ ჩამოვა, ეს გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის რაგბის ფედერაციამ, მიზეზად დაასახელეს თბილისში მიმდინარე მოლოვლენები და მოსალოდნელი პროვოკაციების რისკი.

ეს უნდა მივიღოთ როგორც ფაქტი და ჩვენ უკვე ვეძებთ საქართველოს ნაკრებისთვის სანაცვლო მეტოქეს იმისათვის, რომ 27 აგვისტოს შედგეს თამაში. საქართველოში ამ დონის მატჩები ტარდებოდა, ტარდება და ჩატარდება უსაფრთხო, სპორტულ და საზაეიმო ვითარებაში.

ამის გარანტი საქართველოს მთავრობაა, რაშიც საქართველოს რაგბის კავშირი ყოველოთვის გვერდით უდგას მას თავისი კომპეტენციის ფარგლებში. გულშემატკივრებს, ვინც უკვე შეიძინა საქართველო რუსეთის მატჩის ბილეთები, შეუძლია მათი სურვილის მიხედვით ან დაესწრონ სანაცვლო მატჩს, ან თუ ამის სურვილი არ ექნებათ მათ დაუბრუნდებათ ბილეთის საფასური.

საქართველოს ეროვნული ნაკრების სანაცვლო მეტოქის ვინაობა გაირკვევა უახლოეს დღეებში“.