„ინტერმა” რომელუ ლუკაკუში 75 მილიონი გირვანქის გადახდისგან უკან დაიხია და ბელგიელი ფეხბურთელი გაუგებრობაში, ხოლო მწვრთნელი ანტონიო კონტე უკმაყოფილო დატოვა.
ამჟამად ლუკაკუ სინგაპურშია, „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად ვარჯიშობს და ბოლო იმედით ელის „ინტერის” გადაწყვეტილებას. „სანმა” კი შეიტყო, რომ იტალიური კლუბი დაფიქრებულა: ღირს, საერთოდ, ამ თავდამსხმელში ასეთი დიდი თანხის გადახდა?
რომელუ ლუკაკუმ გასულ კვირაში „იუნაიტედის” მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს უთხრა, რომ წასვლა უნდა, ეგონა „შავ-ლურჯებთან” ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო ცნობების თანახმად მილანელები 20 წლის პორტუგალიელ რაფაელ ლეაოზე გადართულან. ლეაოც თავდამსხმელია, ფრანგულ „ლილში” თამაშობს და მისი შეძენა „ევერტონსაც” უნდა.
„სანი” წერს, რომ „ინტერის” ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე კლუბის ხელმძღვანელებზე ნაწყენია, რადგან მათ პირველივე სატრანსფერო სეზონში გატეხეს სიტყვა და მიცემული პირობა დაარღვიეს.
ინგლისური გაზეთი წერს, რომ ამ ზაფხულს კონტესთვის ლუკაკუ მთავარი სამიზნე იყო და ვერ წარმოიდგენდა, რომ დაბრკოლება შეექმნებოდა.
არადა, „ინტერს” „მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ბელგიელთან დაკავშირებული ოფიციალური წინადადებით არც კი მიუმართავს. ერთადერთი, ამ კვირაში უთქვამთ კონტესთვის, რომ ინგლისელ კოლეგებს 40 მილიონს ახლავე და დანარჩენ თანხას სამი წლის განმავლობაში შეჰპირდებოდნენ. ეს „იუნაიტედს” არ აძლევს ხელს.
კიდევ, „ინტერის” ბოსები კონტეს დაპირდნენ, რომ მაურო იკარდის, რაჯა ნაინგოლანსა და ჟაოა მარიოს მოაშორებდნენ, რადგან მას ისინი არ სჭირდება, მაგრამ დღე დღეს მისდევს და სამივე გუნდში რჩება.