ჯერ, ახლახანს დასრულებული უიმბლდონი და ჯოკოვიჩ-ფედერერის საოცარი ფინალის ემოციები არ განელებულა, რომ მალე წლის მეოთხე და ბოლო დიდი სლემის გათამაშება მოგვადგება კარს.

26 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ნიუ ორკში, ბილი ჯინ კინგის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსში ამერიკის ღია პირველობა რიგით 138-ედ აიღებს სტარტს. ისე, უმჯობესია თუ დავაზუსტებთ და ვიტყვით, რომ US Open-ი ავსტრალიის ღია პირველობას, როლან გაროსს და უიმბლდონს 1987 წლიდან შეუერთდა და წლის მეოთხე დიდი სლემის ტურნირად სწორედ მაშინ მოინათლა, თუმცა შეჯიბრს უძველესი ისტორია აქვს და ის 1881 წლიდან იმართება, რომელსაც ამერიკის ეროვნული ჩემპიონატი ეწოდებოდა.

აბა, 1987 წელს, როდესაც ამერიკის ღია პირველობა დიდ მარაქაში გაერია და მეიჯორის სახელი მიენიჭა ვინ წარმოიდგენდა, რომ 3 ათეული წლის შემდეგ ის ყველაზე მდიდარი საჩოგბურთო ტურნირი გახდებოდა და საპრიზო ფონდით ვერავინ გაუტოლდებოდა.

დიდ სლემებზე მონაწილეობა და მით უფრო გამარჯვება რომ ნებისმიერი ჩოგბურთელისთვის საამაყოა რად უნდა თქმა, მაგრამ გასული საუკუნისგან განსხვავებით, ახლა მოთამაშეები მსუყე ფინანსურ სარგებელსაც ნახულობენ. საამისოდ კი ჩემპიონობა ან თუნდაც ნახევარფინალში გასვლა სულაც არ არის აუცილებელი. ასე მაგალითად, წლევანდელ US Open-ზე პირველ წრეში დამარცხებულიც სოლიდურ თანხას – 58 ათას დოლარს ჩაიჯიბავს.

მოკლედ, ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორები და სპონსორები აღარ ხუმრობენ და ტურნირის საპრიზო ფონდს წლიდან-წლამდე ზრდიან. შარშანდელისგან განსხვავებით, ის 4 მილიონით გაიზარდა და ჯამში 57 მილიონი დოლარი შეადგინა. მამაკაცთა და ქალთა შორის ერთეულთა თანრიგის გამარჯვებულები საბანკო ანგარიშს 3,85 მილიონით შეივსებენ.

ბოლოს დავძნინოთო, რომ ამერიკის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონები ნაომი ოსაკა და ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან.