ნეიმარი

ფეხბურთი ყველაზე პოპულარული თამაშია, „ფორბსმა” კი ყველაზე კარგად იცის ვის რამდენი ფული აქვს. ამასწინათ, ამერიკულმა ბიზნეს ჟურნალმა გამოაქვეყნა გასული, 2018 წლის ას ყველაზე ფულმოსულ სპორტსმენთა სია, რომლის საფეხბურთო ხუთეული ასეთია:

ლეო მესი

„ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერმა 2018 წელს 111 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხიდან 84 მილიონი ხელფასი და პრემიაა, ხოლო 24 მილიონი სხვადასხვა სახის წახალისება.

შემოსავლის მიხედვით, მესი 2018 წელს სპორტის ყველა სახეობაში მეორე ადგილზე გავიდა.

ლეო 13 წლის იყო, როდესაც არგენტინიდან ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში გადასახლდა. ის ავად იყო და მისი პირველი გასამრჯელო მკურნალობის დაფინანსება გახლდათ. ახლანდელ კონტრაქტს კი მან 2017 წლის ნოემბერში მოაწერა ხელი. ხელშეკრულება ძალაში 2020-21 წლების სეზონის ბოლომდეა. მის თანახმად მესის ხელფასითა და ბონუსებით წელიწადში 80 მილიონის ახლომდებარე თანხა გამოსდის.

კიდევ, ლეოს „ადიდასთან” აქვს კონტრაქტი. სანამ არგენტინელი ცოცხალია, ეს კონტრაქტი ძალაში იქნება. გარდა ამისა, მესის პარტნიორები არიან „გეტორეიდი” (სპორტული საკვები პროდუქტებისა და სასმელების ფირმა), „პეპსი” და „ჰუავეი”.

2020 წელს ჩინეთში, კერძოდ ნანჯინგში გაიხსნება პარკი, რომელიც მთლიანად მესის თემას მიეძღვნება.

კრიშტიანუ რონალდუ

კრიშტიანუ, „ფორბსის” ვერსიით, 2018 წლის შემოსავლის მიხედვით ფეხბურთელთა შორის მეორე, ხოლო ყველა სპორტსმენთა შორის მესამეა. მისი ჯამური შემოსავალი 108 მილიონი დოლარი გახლდათ. „რეალმა” მას ხელფასისა და ბონუსების სახით 61 მილიონი დოლარი გადაუხადა, ხოლო სხვადასხვა წახალისება 47 მილიონს უდრიდა.

2018 წელსვე რონალდუ ოთხი წლით „იუვენტუსში” გადავიდა. მისი ტრანსფერი ჯამში 140 მილიონი დოლარი დაჯდა. პორტუგალიის ნაკრების ლიდერის ტურინული ხელფასი წელიწადში 35 მილიონი დოლარია. 2018-19 წლების სეზნში მისი შემოსავალი, სავარაუდდოდ, 64 მილიონი დოლარი იქნება.

ისევე, როგორც მესის „ადიდასთან”, რონალდუს „ნაიკთან” აქვს 1 მილიარდად შეფასებული კონტრაქტი. სანამ რონალდუ ცოცხალია, ამ კონტრაქტს ვადა არ გაუვა. კრიშტიანუს სხვა პარტნიორები არიან „ჰერბილაიფი” (დიეტური დანამატების და საკვები პროდუქტების ფირმა), „EA სპორტსი” (სპორტული ვიდეოთამაშების ფირმა) და „ამერიკან ტურისტერი” (სამგზავრო ჩანთების ფირმა).

ნეიმარი

ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა 2018 წელს 90 მილიონი დოლარი მოხვეტა (73+17).

ყოფილი ბარსელონელის პარტნიორები არიან „ნაიკი”, „რედ ბული” და „მაკდონალდსი”. ცნობისთვის: ნეიმარი პირველი ფეხბურთელია, ვისაც სპორტული ფეხსაცმლის ფირმა „ეარ ჯორდანმა” პირადი „ბოტასები” შეუკერა.

გარეთ ბეილი

შარშან უელსელის შემოსავალი 34,6 მილიონი დოლარი (28,6+6) იყო. მას აქვს ხელშეკრულება „ადიდასთან”, რომელიც 2020 წელს იქნება ძალაში.

პოლ პოგბა

პოგბას შემოსავალი გახლდათ 29,5 მილიონი დოლარი (25+4,5). პოგბას პარტნიორიც „ადიდასია”. მათი კონტრაქტი ხუთწლიანი გახლავთ.