ჰოლანდიელ მატეის დე ლიხტს „ბარსელონა” სიამოვნებით იყიდდა, მაგრამ ის „იუვენტუსს” დარჩა. ყმაწვილი მცველი, რომელიც 12 აგვისტოს 20 წლისა გახდება, ბედნიერია და ცხოვრებით ტკბება (ეს ფოტოდანაც კარგად ჩანს) ესპანური გაზეთი „მარკა” კი, ამასობაში, ცდილობს ამოიცნოს, რატომ ვერ შეიძინა დე ლიხტი ლა ლიგის ჩემპიონმა. „მარკამ” შვიდი მიზეზი დათვალა.

ხელფასი

„ბარსელონას” არ უნდა იხადოს ისეთი ხელფასები, როგორზეც „იუვენტუსი”  დე ლიხტს დათანხმდა. სუპერაგენტი მინო რაიოლა თავისი კლიენტისთვის წელიწადში 12 მილიონ ევროს ითხოვდა, რის გადახდაზეც კატალონიურმა კლუბმა უარი თქვა.

რაიოლას საკომისიო

რაიოლასთან მოლაპარაკება ძნელია. მას უნდოდა სატრანსფერო თანხის მსუყე პროცენტში ჩამჯდარიყო ანუ „ბარსელონას” „აიაქსისთვის” გაცილებით მეტი გადაეხდა, ვიდრე „აიქასი” ითხოვდა, რაც ესპანეთის ჩემპიონს არ ეპიტნავა.

ცენტრალური მცველები საკმარისადაა

დე ლიხტის შეძენა „ბარსასთვის” პირველი რიგის აუცილებლობა არც იყო. მას დაცვის ცენტრში ჰყავს ჟერარდ პიკე, კლემენტ ლენგლეტი, სამუელ უმტიტი და ჟან კლერ ტოდიბო.

სრულყოფილებამდე აკლია

„ბარსელონას” მწვრთნელთა ნაწილის აზრით, დე ლიხტს ჯერ კიდევ აქვს რამდენიმე ასპექტი გასაუმჯობესებელი, რის გამოც მისი შეძენის ახირება საჭირო არ იყო.

სურვილი 

ფრენკი დე იონგის ხათრით დე ლიხტს „ბარსაში” გადასვლა რასაკვირველია უნდოდა, მაგრამ კატალონიური კლუბი მისთვის ოცნების საგანი მაინც არ გახლდათ. შედეგიც შესაბამისი გამოვიდა.

ნეიმარის საკითხი 

ყველას შესაძენად სამყოფი ფული „ბარსელონას” არ აქვს, ნეიმარის ყიდვაზე კი ესპანეთის ჩემპიონს ხელი ჯერ არ აუღია. ამიტომაც, აღარ დაიჩემა დე ლიხტის შეძენა.

იუვენტუსის ფაქტორი

2018 წლის „ოქროს ბიჭის” ჯილდო მცველს ტურინში გადასცეს და ჰოლანდიელი „იუვესთან” პირველად სწორედ მაშინ გადაიკვეთა. იმ დღის მერე დე ლიხტის ყიდვა „ბებერ ქალბატონზე” დაჟინებით არავის უცდია და არც არის გასაკვირი, რომ გაიმარჯვა იმან, ვისაც ყველაზე მეტად უნდოდა.