„საბურთალომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ისე დაიქუხა, გვეგონა, ევროპას ავალაპარაკებდით. არა, მეორე ეტაპზე მაინც გავედით, მაგრამ ბეწვის ხიდის და ვალიდოლის ერთთვიანი მარაგის ხარჯზე. როგორ უნდა მოახერხო, სტუმრად მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობის 11 წუთში განიავება? „შერიფია“ ბოლოს და ბოლოს, „ლივერპული“ ხომ არა?
ფეხბურთელებს შევეშვათ. როცა მწვრთნელი თავის გადაზღვევას და მეტოქის წინასწარ განდიდებას იწყებს, ეს გუნდის ფსიქოლოგიურ განწყობაზეც აისახება. ამ შემთხვევაში მეტოქის შეუფასებლობა იყო პრობლემა და ესეც მწვრთნელმა იტვირთოს. გია ჭიაბრიშვილმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ეს ფსიქოლოგიური დეტალი გამოტოვა, მომავალი მეტოქის, ზაგრების „დინამოს“ სიმბოლური სადღეგრძელო კი ლამის განსხვავებულით შეისვა: ტოლ-სწორად თამაში მაშინ მოგვთხოვეთ, როცა ქართული მედია ხორვატულს გაუთანაბრდებაო. კი ვიბრძოლებთ, მაგრამ ძაან მაგრები არიანო.
ვიცით, ბატონო გია, ვერც ვერავინ მოგთხოვთ უცილობელ გამარჯვებას, მაგრამ მედიის ხსენება რა იყო? მეეჭვება ყოველ დილას ხორვატული სპორტული პრესის გადახედვით იწყებდეთ, რომ ობიექტურად შეგვადაროთ, ისე კი გვერწმუნეთ: ქართულ და ხორვატულ სპორტულ მედიას შორის გაცილებით ნაკლები სხვაობაა, ვიდრე ქართულ და ხორვატულ ფეხბურთს შორის. ისიც იმიტომ, რომ ლოიალურნი ვართ და ვერ წარმოიდგენთ, რა დღეში ჩააგდებდა ხორვატული მედია 11 წუთში 3 გოლის გამშვებ მწვრთნელს.
ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. კრიტიკა ჩვენი ვალია, რომ ხვალინდელ გამარჯვებებში დაგეხმაროთ. კონკრეტულ მედიასაშუალებაზე ან ჟურნალისტზე თუ ხართ განაწყენებული, ეს უკვე სხვა საქმეა და არ არის საჭირო, ყველას ერთ ქვაბში ათქვეფა…
არ გვინდა დავიჯეროთ, რომ ეს მედიასთან ომის დასაწყისი იყო – ჯერ ვერავინ მოიგო და თუ მხოლოდ შემთხვევითი ზალპი იყო, კიდევ ერთხელ მადლობა შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის და “საბურთალოს” ერთგულ ქომაგებად გვიგულეთ.