სამი წლის წინ „ოქროს ბურთის“ ბედის გადაწყვეტა ისევ მხოლოდ ჟურნალისტებს ანდეს (რამდენიმე წელიწადი „ფრანს ფუტბოლი“ და უეფა საუკეთესოს ერთობლივად ასახელებდნენ). 2016 და 2017 წლებში კრიშტიანუ რონალდუ იმდენად ეფექტური იყო, კითხვის ნიშნები არ გაჩენილა, მაგრამ გასულ წელს მედიამ, რომელსაც ისედაც უყვარს ახალი გმირების აღმოჩენა, მისი სრული ანტიპოდი გააპირველა. ლუკა მოდრიჩი კრიშივით ლამაზი ვერაა, ვერც მისებრი ტორსით ან შედეგიანობით დაიტრაბახებს, მაგრამ უზომოდ თავდადებულია და სამაგალითოდ გუნდური.

ჰოდა, ახალი გმირიც იშვა.

წლეულს ევროპა ახალ გმირს ელის. თითქმის გადაწყვეტილია, რომ ოქროს ბურთს „ლივერპულის“ დაცვის ბურჯი ვირჯილ ვან დეიკი მიიღებს. როგორც წესი, მედია საუკეთესოს წლის მიხედვით აფასებს და ჩემპიონთა ლიგის მომგები ჰოლანდიელი წინა შემოდგომიდან მოყოლებული ლიგის ფინალის ჩათვლით, შეუდარებელი იყო.

P.S მოგეხსენებათ, საქართველოდან „ფრანს ფუტბოლის“ ოფიციალური პარტნიორი ჩვენი გამოცემაა. მიუხედავად ვან დეიკის მიმართ დიდი პატივისცემისა, „სარბიელს“ არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია.