„ნიუკასლ იუნაიტედმა” სტივ ბრუსი სამი წლით თავის ახალ მწვრთნელად გამოაცხადა. „კაჭკაჭების” თქმით ახალი ბოსის „შეფილდ უენსდეისგან” გამოსყიდვას 4 მილიონი გირვანქა დასჭირდა.

ბრუსი ბავშვობიდან „ნიუკასლის” ფანია და თავის საყვარელ გუნდში მწვრთნელად მისვლის სიხარულს ვერ მალავს. მან თქვა:

„ბედნიერი და საოცრად ამაყი ვარ „ნიუკასლ იუნაიტედის” მწვრთნელად რომ დამნიშნეს. ეს ჩემი ბავშვობის კლუბია. ეს არის კლუბი, რომელიც მამაჩემს უყვარდა და ამიტომ, რაც მოხდა, ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინ დიდი გამოწვევა გველის, მაგრამ მე და ჩემი ასისტენტები ამისთვის მზად ვართ. ჩვენ სახელოებს დავიკაპიწებთ და ყველა ღონეს ვიხმართ, რათა გულშემატკივრებს წარმატება მოვუტანოთ. მათ ჩვენით უნდა იამაყონ”.

58 წლის ბრუსი და მისი ასისტენტები, სტივ ეგნიუ და სტივენ კლემენსი ახლა ჩინეთს გაემგზავრებიან, სადაც „ნიუკასლ იუნაიტედის” გუნდმა სეზონისწინა შეკრება დაიწყო.

დღეს „ნიუკასლი” ჩინეთში „ვულვერჰემპტონს” ხვდება. ამ თამაშში „კაჭკაჭებს” ნილ რედფირნი და ბენ დოუსონი უხელმძღვანელებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ნიუკასლს” რაფა ბენიტესი ედგა სათავეში.