2019 წლის „უიმბლდონი“, თავისი საოცარი ენდშპილით, უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ნოვაკ ჯოკოვიჩის და როჯერ ფედერერის ფინალური თრილერში ვიხილეთ ყველაფერი, რატომაც მილიონობით ადამიანს უყვარს ჩოგბურთი, რატომაც უწოდებენ მას სამეფო სპორტს.

შვეიცარიელ მაესტროს, რომელიც სულ მალე 38 წლისა მოიყრება, თავისი დიდებული კარიერის მანძილზე ბეწვის ხიდი იშვიათად უტყდებოდა. ნოვაკ ჯოკოვიჩთან მეორედ არ გაუმართლა… თუმცა რატომ მეორედ? ნოლემ როჯერს 2014 წლის „უიმბლდონის“ ფინალშიც აჯობა, მაგრამ მაშინ სერბს ორმაგი მატჩბოლის გადარჩენა არ დასჭირვებია.

ჩოგბურთის ქომაგებს გაახსენდებოდა 2011 წელი და ამერიკის ღია პირველობის ფინალის დარი ნახევარფინალი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა თანამედროვეობის და არა მხოლოდ ამ ორი უდიდესი მეჩოგნის „უიმბლდონის“ წლევანდელ დაპირისპირებას. ფედერერი მაშინაც ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. როგორც ახლა, საკუთარ ჩაწოდებაზე მხოლოდ ერთი გათამაშება აშორებდა დრამატული მატჩის მოგებას, მაგრამ არ გამოუვიდა. არადა, წლების წინ „რკინის როჯერი“ სწორედ იმიტომ შეარქვეს, რომ გადამწყვეტ მომენტში ხელი არასოდეს უკანკალებდა. რა თქმა უნდა, არც ისეა საქმე, ნოლეს როჯერი მუდამ დაბრიყვებული ჰყავდეს. 26 მარცხის წილ, ფედერერს ჯოკოვიჩი 22-ჯერ ჰყავს დამარცხებული.

ახლა, ცოტაც წლევანდელი სტატისტიკა:

  • ლონდონში, კონკრეტულად წლევანდელ „უიმბლდონზე“, დასასწრებად სხვადასხვა ქვეყნიდან 473 ათასი ადამიანი ჩავიდა, ხოლო ერთდროულად, ტრიბუნებიდან მატჩებს 39 ათასმა გულშემატკივარმა მიადევნა თვალი.
  • სეზონის რიგით მესამე დიდი სლემის გათამაშებას 6 ათასი ადამიანი ემსახურებოდა, რომელთაგან ზუსტად ნახევარი კვების საკითხით იყო დაკავებული.
  • 2019 წლის „უიმბლდონზე“ ჯამში 22 ათასი ბოთლი შამპანური და 66 ათასი ლუდი დაილია,  307 ათასი ფინჯანი ჩაი და ყავა. ასევე გაიყიდა 76 ათასი ნაყინი, 23 ათასი პიცა და 72 ათასი სენდვიჩი.
  • „უიმბლდონის“ საჩოგბურთო კომპლექსში 41 კორტია, რომელთაგან კონკრეტულად მატჩებისთვის 19 გამოიყენება, დანარჩენი სავარჯიშოა.
  • „უიმბლდონის“ წლევანდელ გათამაშებას ადგილიდან 3 250 ჟურნალისტი აშუქებდა.