კარგი ამბავი მიუნხენიდან: თბილისი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ერთერთ ჯგუფს უმასპინძლებს.
ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა თურგაი დემირელმა კონვერტიდან სათითაოდ ამოიღო იმ 4 ქვეყნის სახელწოდება, რომლებსაც ეს პატივი ხვდათ წილად.
პრეტენდენტი 7 ქვეყანა იყო – გერმანია, იტალია, ჩეხეთი, საქართველო, სლოვენია, უნგრეთი და ესტონეთი. გერმანიისა და ჩეხეთის შემდეგ კი ევროპული კალათბურთის თურქმა ჩინოვნიკმა კონვერტი გახსნა და მიუნხენში მყოფ საქართველოს დელეგაციას, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იყო უდიდესი სიხარული მოჰგვარა. მეოთხე ქვეყანა კი იტალიაა, რომელსაც ორი წლის შემდეგ კალათბურთის ფედერაციის დაარსების საუკუნოვანი იუბილე აქვს.
ბოლო დროს, საქართველოს, საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის გამოცდილება საკმაოზე მეტად დაუგროვდა. თბილისში, სხვადასხვა სპორტის სახეობებში გამართულა ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატები, კონტინენტის მასშტაბით ოლიმპიური ფესტივალი, ძალოსნობაში კონტინენტის ჩემპიონატი, ევროპის პირველობის ჯგუფური ეტაპი ფრენბურთში ქალთა შორის და აი, 2021 წელს თბილისი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს.
ამრიგად, 2019 წლის 15 ივლისი ქართული სპორტისთვის ისტორიულ თარიღად იქცა. საქართველოს დედაქალაქი, თანამასპინძელ ქვეყნებთან ერთად ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს, ხოლო ჯგუფურთან ერთად, ფლეი ოფის დაპირისპირებები გერმანიაში გაიმართება.