პრო D2 საფრანგეთის რანგით მეორე ლიგა კი არის, მაგრამ სპეციალისტების აღიარებით, ეს ტურნირი ევროპის ტოპ ლიგათა ხუთეულში შედის საფრანგეთისვე ტოპ 14-თან, ტრანსნაციონალურ პრო 14-თან, ინგლისის პრემიერშიპსა და ჩემპიონშიპთან ერთად. ამიტომაცაა ერთი-ორად სასიამოვნო ამ ლიგაში ქართველთა არნახული მოზღვავება.
ჩვენს წინა წერილში ტოპ 14-ის ქართველთა ამბებს მიმოვიხილავდით და ვიდრე პრო D2-ის ამბებზე გადავიდოდეთ, იმასაც მოგახსენებთ, რომ „მონპელიეს“ კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულე შეემატა. მიხეილ ნარიაშვილს, ლევან ჩილაჩავას, უშანგი ჭეიშვილს, ლუკა აზარიაშვილს, კონსტანტინე მიქაუტაძესა და გელა აფრასიძეს ქუთაისის „აიას“ 18 წლის აღსაზრდელი, მესამეხაზელი გიგი ლეშკაშელი შეუერთდება. მართლაც მშვენიერი სიახლეა.
ახლა კი მთავარ თემას მივუბრუნდეთ.
გაგიკვირდებათ და „ორიაკში“ ქართველ მორაგბეთა რაოდენობამ 14-ს (!) უწია. გარდა ამისა, გუნდს დაუბრუნდა მისი ძველი კაპიტანი, ვეტერანი ბორჯღალოსანი ლევან დათუნაშვილი, რომელიც ამ კლუბის ესპუართა გუნდში შერკინების მწვრთნელად იმუშავებს.
რგოლების მიხედვით მივყვეთ: „ორიაკს“ თბილისის „ლოკომოტივიდან“ შეუერთდა გამოცდილი ბურჯი გიორგი ქართველიშვილი, რომელიც ახალ გუნდში მომდევნო 3 სეზონს გაატარებს. კიდევ ერთი ბურჯი კი „ლა როშელის“ ესპუარებიდან გადმოვიდა – ჯემალ შათირიშვილმა „ორიაკთან“ 2-წლიანი ხელშეკრულება დადო. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებისა და გორის „ჯიქის“ კვაჭი ლუკა ნიორაძე კი კლუბთან ერთწლიან კონტრაქტზე მოურიგდა.
ასევე ესპუარის კონტრაქტი გაუფორმდა „არმაზის“ 18 წლის მეორეხაზელებს – ლუკა მაჭარაშვილსა და დავით გვიდიანს. აქვეა 20-წლამდელთა მესამეხაზელი იოსებ გუშარაშვილი ბოლნისის „ყოჩებიდან“.
არგენტინაში ნათამაშებ 20-წლამდელთა ძირითადმა 9 ნომერმა მიხეილ ალანიამ „ორიაკს“ ასევე მარნეულის „არმაზიდან“ მიაშურა და ფრანგულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დაბოლოს, იგივე „ორიაკში“ 20-წლამდელების კიდევ ორი გამორჩეული წევრი გადვიდა – გორის „ჯიქის“ ფულბექი თემურ ჭიჭინაძე და მისი თანაამპლუელი დაჩი პაპუნაშვილი თბილისის „არმიადან“. ამათ თუ დავუმატებთ ცენტრ გიორგი გოგოლაძეს და ბორჯღალოსნებს – გიორგი ჯავახიას, გიორგი ცუცქირიძეს, ბექა საღინაძესა და მერაბ შარიქაძეს, ჩვენი ლეგიონის რიცხვი 14 კაცს გაუტოლდება და, ეს მხოლოდ „ორიაკში“!
გასული თაობების 20-წლამდელთა ნაკრების წევრმა, ბურჯმა ნიკა ნეფარიძემ „გრენობლთან“ 2-წლიანი კონტრაქტი მაშინ გააფორმა, როცა ეს გუნდი ჯერ კიდევ ტოპ 14-ში გამოდიოდა, მაგრამ როცა ეს გუნდი დაქვეითდა, ნიკამ გადაწყვიტა, კონტრაქტის პირველი სეზონი იჯარით თავის ძველ კლუბში, „ვანში“ გაეტარებინა. სამაგიეროდ, „გრენობლში“ 20-წლამდელთა ბოლო ფორმაციის ბურჯი ნიკა ღვალაძე შეუერთდება.
მარნეულის „არმაზის“ 19 წლის ბურჯი გელა მურუსიძე დაოსტატებას „მონ-დე-მარსანში“ გააგრძელებს; ვეტერანი პირველხაზელი მიშა კელენჯერიძე „მონტობანს“ შეუერთდა; მისი თანაამპლუელი ზაზა ნავროზაშვილი „ალბიდან“ „ექსში“ გადავიდა; ახალგაზრდა კვაჭმა გიორგი ნეფარიძემ „ანგულემთან“ თანამშრომლობა გაახანგრძლივა; ნიჭიერი ბურჯი ილია კაიკაციშვილი ფედერალში გავარდნილ „მასის“ გამოეთხოვა და „ნევერს“ სამედიცინო ჯოკერის სტატუსით დაემატა.
რაც შეეხება ტოპ 14-დან კიდევ ერთ ჩამოქვეითებულს, მომავალ სეზონში „პერპინიანშიც“ იქნება ქართველი – ბოლო 20-წლამდელების მესამეხაზელის ვახტანგ ჯინჭარაძე. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გასული სეზონის ფედერალ 1-ის გამარჯვებულები „რუანი“ და ვალანს რომანის „როიალ დრომი“ გახდნენ. პირველში ტოპ 14-ის „აჟენიდან“ ბორჯღალოსანი ცენტრი თამაზ მჭედლიძე გადავიდა, ხოლო მეორეში – „კარკასონის“ გამოცდილი ბურჯი მირიან ბურდული, ვისაც ახალ გუნდში კონტრაქტგახანგრძლივებული მძიმეწონოსანი გიორგი შარაშიძე დახვდება. აქვე დავძენთ, რომ ფედერალ 1-ში დაქვეითებულ „ბრესანთან“ კონტრაქტი ვაჟა კაპანაძემ გაახანგრძლივა.
ამ მომენტისთვის ესაა, რაც ვიცით. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს, დღეს კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ საფრანგეთის პრო D2-ის კლუბებთან კონტრაქტი ერთბაშად 37 ქართველს აკავშირებს.